„ 4-5 თვის განმავლობაში მთავრობაში ცვლილებებს არ ველი“

„არ ვარაუდობ, რომ უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში მთავრობაში რაიმე დრამატული ცვლილება განხორციელდეს, თუმცა ეს დინამიკური პროცესია და ცვლილებები სრულიად ნორმალურია“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩაფიძის განმარტებით, საკადრო ცვლილებები გარკვეულწილად საზოგადოებისა და დეპუტატების კრიტიკამ განაპირობა.
„ ვფიქრობ, ამ ეტაპზე მთავრობაში ცვლილებები დასრულდა. ბუნებრივია, რომ მთავრობას პერიოდულად სჭირდება გადახალისება და გაუმჯობესება. ზოგიერთი წევრი დატოვებს თანამდებობას და გადაადგილდება. ეს ჯანსაღი პროცესია, რომელიც გარკვეულწილად საზოგადოების კრიტიკასაც უკავშირდება. იმ აღშფოთებას, რომელიც საზოგადოებისა და დეპუტატების მხრიდან მოდიოდა ზოგიერთი ჩინოვნიკის პრემიებთან დაკავშირებით, ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა ადეკვატური რეაგირება. ამ ეტაპზე არ ვარაუდობ, რომ უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში მთავრობაში რაიმე დრამატული ცვლილება განხორციელდეს, თუმცა ეს დინამიკური პროცესია. ქვეყანა, მთავრობა, პარლამენტი ცოცხალი ორგანიზმია და თუკი ამის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა, ცვლილებები პერიოდულად მოხდება“,- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები