“ნაციონალური მოძრაობა“ ალექსანდრე მარგიშვილისა და თბილისის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია თბილისის მიმდინარე და მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილისა და თბილისის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული სეკვესტრებისა და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში მითითებული ნაშთის ოდენობის გათვალისწინებით, დავით ნარმანიას სამთავრობო გუნდი თავად აღიარებს, რომ მათ ვერ შეძლეს 2014 წლის ბიუჯეტიდან 110 575 400 ლარის ათვისება.
“უკვე მეორედ სეკვესტრირებული 2014 წლის თბილისის ბიუჯეტი და თბილისელების პრობლემებთან აბსოლუტურად შეუსაბამო, უამბიციო 2015 წლის ბიუჯეტი – ეს არის დავით ნარმანიასა და ,,ქართული ოცნების” თბილისის მთავრობის 4 – თვიანი წარუმატებელი მუშაობის შედეგი და მათი სრული მარცხი დედაქალაქის მართვაში.
განხორციელებული სეკვესტრებისა და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში მითითებული ნაშთის ოდენობის გათვალისწინებით, დავით ნარმანიას სამთავრობო გუნდი თავად აღიარებს, რომ მათ ვერ შეძლეს 2014 წლის ბიუჯეტიდან 110 575 400 ლარის ათვისება (თუმცა კონკრეტულ პროექტებზე დაუხარჯავი თანხა გაცილებით მეტი იქნება რეალურად), რაც თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის 14 %-ია. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში (ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას) ბიუჯეტიდან უკვე დახარჯული იყო 304 768 700 ლარი, გამოდის, რომ თბილისის მთავრობამ დარჩენილი თანხის (480 231 300) 23 % ვერ აითვისა. თბილისის მთავრობის მიერ აგვისტოში ჩვენ მიერ უკვე ჩატარებული ტენდერების დადებითი შედეგების გაუქმების, დავით ნარმანიას მთავრობის მიერ ჩატარებული ტენდერების ჩაშლის და, ზოგადად, ახალი სამთავრობო გუნდის სრული უუნარობის გამო უკვე მეორედ განხორციელებული სეკვესტრის შედეგად: 10 710 000 ლარით მცირდება საგზაო სამუშაოების დაფინანსება; 12 201 200 ლარით მცირდება ინფრასტრუქტურის ობიექტების (საიდანაც შეეძლოთ სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება ქალაქის საცობებისგან განსატვირთად) და ავარიული შენობების გამაგრება; 2 290 800 ლარით მცირდება ეკონომიკის განივათარების ხელშეწყობა; 6 995 300 ლარით მცირდება ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; 2 370 000 ლარით მცირდება განათლების მიმართულების დაფინანსება; 5 805 300 ლარით მცირდება კულტურისა და სპორტის დაფინანსება.
როგორც ვხედავთ, ყველა პრიორეტული მიმართულება, რაც თბილისელების საჭიროებებზე რეაგირების საშუალებას აძლევდა თბილისის მთავრობას, სეკვესტრირებულია, თუმცა სეკვესტრი არ შეეხო მინისტრების კომფორტზე ზრუნვას და ამისათვის სამთავრობო შენობების ინფრაქტრუქტურის მოწესრიგებას. კერძოდ, ქალაქის ინფრაქტრუქტურის კეთილმოწყობაზე (გზების დაგება, ახალი გზების, ესტაკადების მშენებლობა და ა.შ) ფაქტობრივად უარის თქმის ფონზე, შეუფერხებლად გრძელდება, მაგალითად, გულუას ქუჩაზე შსს შენობის მხატვრული მინათების 434 000- ლარიანი ტენდერი. რაც შეეხება თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, სამწუხაროდ, ის საერთოდ არ პასუხობს დედაქლაქში არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს და, როგორც ჩანს, 2015 წელი თბილისისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების გარეშე, დავით ნარმანიასა და ,,ქართული ოცნების” მიღმა ჩაივლის. გარდა იმისა, რომ თავად არ აქვთ სწორი წარმოდგენა თბილისელების წინაში არსებულ პრობლემებზე, ქალაქის მერიამ არ გაითვალისწინა ჩვენ მიერ შეთავაზებული არცერთი შენიშვნა თუ წინადადება, ისეთები, როგორიც იყო: კონკრეტული სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება თბილისში საცობების განსამუხტად, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობების განახლებისთვის ინვესტორების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება, ბაღების ვაუჩერიზაცია, უფასო მგზავრობა და სხვ. ამ უკანასკნელთან მიმართებაში გაოცებას იწვევს ,,ქართული ოცნების” არაადეკვატური მიდგომა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. კერძოდ, დავით ნარმანია აპირებს უფასო მგზავრობა შესთავაზოს ყოფილ პატიმრებს და ამავე შეღავათზე უარს ეუბნება,სტუდენტებს, პენსიონერებს და სოციალურ დაუცველებს; უფასო მგზავრობას სთავაზობს ბაღის პედაგოგებს (ეს ჩვენი მოთხოვნის მხოლოდ ნაწილის გაზიარებად შეიძლება ჩაითვალოს) და ამაზე უარს ეუბნება სკოლის პედაგოგებს. ორჯერ სეკვესტრირებულ 2014 წლის ბიუჯეტთან შედარებითაც კი: 3 833 800 ლარით არის შემცირებული სატრანსპორტო ინფრაქტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პრიორიტეტი; 1 279 700 ლარით არის შემცირებული მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა; 2 068 000 ლარით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება; 2014 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 236 700 ლარით არის შემცირებული სოციალური დაცვის მიმართულება და 6 904 500 ლარით კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება, რაც კვლავ ეჭვის ქვეშ ტოვებს საკითხს, განახევრდება თუ არა კომუნალური ვაუჩერი სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის; 2015 წლის ბიუჯეტი პირველ ვარიანტთან შედარებით 2 009 500 ლარით არის შემცირებული ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულება.
ამ შემცირებების ფონზე: 2015 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით კიდევ 157 კაცით იზრდება მერიაში მომუშავეთა რიცხოვნება (სულ 2014 წელთან მიმართებაში კი ზრდა შეადგენს 227 ერთეულს); ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის (რომლის საერთოდ გაუქმებასაც პირდებოდა თბილისელებს მერი) დაფინანსება გაზრდილია 3 040 200 ლარით, როგორც ჩანს ქალაქში მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების ფონზე ბატონი დავით ნარმანია თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს; დავით ნარმანიამ 1 000 000 ლარით გაიზარდა მერის სარეზერვო ფონდი, რომელიც 3 მილიონი გახდა; გამგეობების და მერიის სამსახურების მიერ წარმოდგენილ სამუშაოები ხშირ შემთხვევაში აღარაა ჩაშლილი მისამართების მიხედვით (რითაც განსაკუთრებით თავს იწონებდა ახალი მთავრობა), რაც აძლიერებს ბიუჯეტის პირველი ვარიანტის განხილვისას წამოჭრილ ეჭვებს შესაძლო კორუფციული ,,ფონდების” არსებობის შესახებ ფინანსურ დოკუმენტში.
2014 და 2015 წლების ბიუჯეტების ამ მოკლე ანალიზიდან, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებული კორუფციული ეჭვებისა და დადასტურებული კანონდარღვევების ფაქტებიდან გამომდინარე, ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ტენდერების ჩავარდნის, ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულებების გაფორმებისა და შედეგად საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისას გამოჩენილი არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის გამო, ნათელია, რომ უნდა დადგეს თბილისის ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილისა და თბილისის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. დავით ნარმანიას კი უნდა მიეცეს კიდევ ერთი შანსი, შეძლოს პროფესიონალი და პატიოსანი კადრების შერჩევა თბილისის მთავრობის შემადგენლობისთვის, სანამ თავად მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები