თეა წულუკიანი: ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები სასწრაფოდ შესაცვლელები არიან
ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები სასწრაფოდ შესაცვლელები არიან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
წულუკიანის ინფორმაციით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშში წერია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების კომპეტენცია და კანონის ცოდნა ძალიან შორს არის იმისგან, რაც არის სტანდარტი და რაც არის საჭირო, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იყვნენ დაცულები.
„დღეს ვისმენდი ადვოკატების – ადეიშვილის ყოფილი მოადგილეებისა და მისთანების განცხადებებს, არ ვიცი, ჩავიდნენ თუ არა 94-ე-95-ე და ა.შ. გვერდებამდე, მაგრამ მათზე წერია იქ, რომ მათი კომპეტენცია და კანონის ცოდნა ძალიან შორს არის იმისგან, რაც არის სტანდარტი და რაც არის საჭირო, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იყვნენ დაცულები, ამიტომ ოჯახები ხომ ჰყავთ ამ ადამიანებს და ეს ადვოკატები შესაცვლელები არიან სასწრაფოდ იმიტომ, რომ ყველა განსასჯელს, რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, სჭირდება კარგი ადვოკატი, კომპეტენტური და როცა ეუთოს ექსპერტი წერს, რომ მათი კვალიფიკაცია შორს არის იმისგან, რომ მათ შეძლონ ამ ადამიანების ეფექტიანი დაცვა, ეს რა თქმა უნდა, არის სავალალო“, – განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, ეს ადამიანები იყვნენ ნაწილი მანქანისა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებს მასიურად არღვევდა და შემდეგ ადვოკატებად მოგვევლინენ.
„ალბათ, ადვოკატთა ასოციაციაში წევრად მიღების პროცედურები რაღაცნაირად უნდა გამკაცრდეს. ეს აქ არ წერია, მაგრამ სამომავლოდ ჩემი აზრით, ესეც საფიქრალი იქნებოდა“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში სასამართლო სისტემის მუშაობაზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებულ საქმეებს ეხება. მონიტორინგი 14 საქმეზე 2013 წლიდან ხორციელდებოდა.