ალექსანდრე კვიტაშვილის დედა: ჩემს შვილს მინისტრად მუშაობა გაუჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაძლევს
ალექსანდრე კვიტაშვილის დედას მიაჩნია, რომ მის შვილს უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობა გაუჭირდება. თუმცა, მაია მესხია დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულეს დაძლევს, – ამის შესახებ კარდიო-ქირურგმა მაია მესხიამ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა.
როგორც „კვირას“ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის დედამ მაია მესხიამ განუცხადა, ალექსანდრე კვიტაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, საქართველოს აღიარებაა.
„ჩემი შვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა საქართველოს აღიარებაა, მე ასე ვაფასებ… დიდი ხანია ჩემი შვილი რჩევებს აღარ მეკითხება, ის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. ჩემთვის არაფერი უკითხავს. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მის გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობაში, ვიცნობ ჩემს შვილს, ვიცი რა კატეგორიას მიეკუთვნება და მჯერა მისი. ვფიქრობ, ძალიან რთული რამ იტვირთა, რადგან უკრაინა ყოველდღიურ საომარ სიტუაციაში იმყოფება და, როგორც ამბობენ, ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული და იქ მინისტრად მუშაობა, ბუნებრივია, გაუჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაძლევს“, – აცხადებს მაია მესხია.
მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის სახელმწიფო ენას მალე შეისწავლის. როგორც ალექსანდრე კვიტაშვილის დედამ განაცხადა, მისი შვილი, ვიდრე თანამდებობაზე დაინიშნებოდა, უკრინაში ხშირად ჩადიოდა.
„მას შემდეგ რაც, ჩემმა შვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დატოვა, მუშაობა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყო. მუშაობდა ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით და უკრაინის ჯანდაცვის საკითხებზე, ბოლო სამი – ოთხი თვეა ის ხშირად ჩადიოდა უკრაინაში. თითქმის კვირაში ერთხელ მაინც უწევდა პროგრამის ფარგლებში უკრაინაში ჩასვლა“, – აღნიშნა მაია მესხიამ.
მესხია შვილის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე ამერიკაშია, თვითონ არის უკრაინაში და შვილი კი – საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ოჯახის წევრები ჯერ არ შეკრებილან. ასე, რომ მისი სამომავლო გეგმები ჩემთვის ჯერ უცნობია“, – აღნიშნა მაია მესხიამ.
ალექსანდრე კვიტაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 12 ივნისს დატოვა. მანამდე მას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.