დევნილთა სამინისტრო მენაშენეებისგან ბინებს შეისყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მენაშენეებისაგან ბინებს შეისყიდის.
პროგრამის ფარგლებში, საუბარია დევნილთათვის მინიმუმ 550 ბინის შესყიდვაზე. მენაშენეების მიერ შემოთავაზებული ფასის შესაბამისად, ეს რიცხვი შესაძლოა, 700-800 ბინამდე გაიზარდოს.
პროგრამა ორნაწილიანია, პირველი ეტაპი გულისხმობს მოქმედი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას. მეორე ეტაპზე კი შეჩერებული მშენებლობებიდან ის ბინები ამოირჩევა, რომელთა მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელია. საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, მიმდინარე წელს ამ პროექტზე 3 მილიონ ლარამდე, მომავალ წელს კი 16 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამინისტროს ინფორმაციით, მენაშენეების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და გვანცა შენგელიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა მენაშენეებს კონკურსის პირობები გააცნეს.
მენაშენეების შერჩევის კონკურსი 2014 წლის 2 დეკემბერს დაიწყება. პროცესი გამჭვირვალედ და ღიად წარიმართება, მასში ჩართულები არიან: მენაშენეთა ასოციაცია, საგადასახადო ომბუდსმენი, უწყებათშორისი კომისია, დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კონკურსის გამარჯვებული 2014 წლის 12 დეკემბერს უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები