მედეა ვასაძე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ადასტურებს

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე ციხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ადასტურებს. ვასაძე N3 დაწესებულების ადმინისტრაციას მოუწოდებს, არ დაუშვას მომსახურე პერსონალსა და პატიმართა შორის კონფლიქტის ხელოვნურად პროვოცირება. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ადგილი აქვს პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას – ძალადობას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მე-3 დაწესებულებაში 24 ნოემბერს სამოცდაათამდე პატიმარს, მათ შორის მოშიმშილეებს შეხვდა, მოინახულა და ე.წ. კარცერიც. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ინფორმაციით, დაწესებულების 22 პატიმარი აგრძელებს შიმშილობას, თვითდაზიანებები აღენიშნება 15-ს. პატიმრები ჩივიან არაადამიანურ მოპყრობაზე, წამების ფაქტებზე და აღნიშნავენ, რომ მოგონილია დაწესებულებაში, მათი მხრიდან, იმ მდგომარეობის აღდგენის მცდელობა, როცა ვითარებას მართავდა ე.წ. „მაყურებელი“ – „ეს არის შეთითხნილი თემა, რათა გადაიფაროს რეალური პრობლემები და ჩვენზე განხორციელებული ძალადობა,“ – აღნიშნავენ ისინი. „ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. ჩვენ წარსულში არ დავბრუნდებით. ისეთი ადამიანებისგან მივიღე ინფორმაცია, რომლებიც არ მომატყუებდნენ. აუცილებელია თითოეული ფაქტის შესწავლაც და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ჩარევაც, შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაც საიმისოდ, რომ ციხეში არ დაბრუნდეს ძველ რეჟიმი. ამ განცხადების გაკეთების საფუძველი რეალურად უკვე გამაჩნია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მედეა ვასაძემ. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის შექმნიდან დღემდე 5-ჯერ იმყოფებოდა დაწესებულებაში და მისი პირველი სამუშაო ვიზიტი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მედეა ვასაძე დაწესებულების ადმინისტრაციას მოუწოდებს, არ დაუშვას მომსახურე პერსონალსა და პატიმართა შორის კონფლიქტის ხელოვნურად პროვოცირება. „ისე გვექცევიან, რომ გვაიძულებენ რაღაც წამოგვაცდევინონ, მერე კი იცოცხლე….!!!“, – აღნიშნა ერთ-ერთმა პატიმარმა, მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ ძალზე მძიმე შემთხვევა ჩაკეტილი ადამიანებისათვის, ადამიანებისათვის, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან კანონთან, სამართალთან, სახელმწიფოსთან და ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთანაც კი“, – აღნიშნავს მედეა ვასაძე. დეპუტატი პატიმართა ახლობლებს სიმშვიდის შენარჩუნებას სთხოვს და ყოველ ასეთ ფაქტზე ქმედით რეაგირებას ჰპირდება: „ხელისუფლება არ დაუშვებს წარსულში დაბრუნებას,- აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და აქვე დასძენს, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა ადამიანი დაცული იყოს ყოველგვარი თვითნებობისაგან. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ N 3 დაწესებულების შენობა და მასში მოქმედი ქცევის სტანდარტი შესაბამისობაში იყოს ურთიერთთან“, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები