მიხეილ სააკაშვილი: ერთ დღეში შესაძლოა გადაწყდეს საცობების საკითხი
ის ფული, რომელიც ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა, მსხვილმა ბიზნესმენებმა შემომთავაზეს ჩემმი გადადგომის შემმდეგ, მთლიანად ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა . მისი თქმით, ერთადერთი რამ, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში აშენდა, ეს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაა.
„ხშირად მეკითხებიან რატომ დავდივარ დაცვის გარეშე ნიუ-ორკში, რატომ არ მყავს ლიმუზინები და პირადი მძღოლები. ის ფული, რომელიც ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა, მსხვილმა ბიზნესმენებმა შემომთავაზეს ჩემმი გადადგომის შემდეგ, იმიტომ რომ არასოდეს კაპიკი არ გამომირთმევია პრეზიდენტობის დროს და ეს დაფასებული იქნა სათანადოდ, მთლიანად ჩავდე ბიბლიოთეკაში. იქ არის ისეთი წიგნები, რომელსაც მე თვითონ ვაგროვებდი მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებში, 80 პროცენტი სამწუხაროდ ინგლისურად არის, მაგრამ არის ქართული წიგნებიც. იქ ათასობით სტუდენტი დადის და იღებს განათლებას. ეს არ არის პოლიტიკური პროექტი. მინდა ერთ რაღაცაზე დავფიქრდეთ, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთადერთი რამ, რაც აშენდა, ქალაქ თბილისში, ეს არის ჩემი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ქუჩებში გახშირებული საცობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც ერთ დღეში მოგვარებადია.
„მე მინდა დასვას ყველამ ეს კითხვა, თბილისი არის გაჭედილი საცობებში, იციან ეს თბილისელებმა, რომ ერთ დღეში შესაძლოა გადაწყდეს საცობების საკითხი და საერთოდ აღარ იყოს საცობები? 200 მილიონი დავხარჯეთ შემოვლით გზაზე, როგორც კი გაიხსნება შემოვლითი გზა, პრაქტიკულად არცერთ გზაზე თბილისში არ იქნება საცობი. რატომ არ იხსნება ეს გზა? იმიტომ, რომ ივანიშვილმა ჩვენს ჯინაზე, პირადი ბოღმის გამო, თავიდან ბოლომდე თვითონ დაბლოკა ეს პროექტი. იქ არის დარჩენილი სამი კვირის სამუშაოები, რომ ეს გზა გაიხსნას და თბილისი საცობების გარშე დარჩეს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.