მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის კომიტეტმა ქართველებთან სინქრონულად გამოაცხადა, რომ ჩემს მიმართ გენოციდის მუხლით საქმეს აღძრავენ
საქართველოს ექსპრეზიდენტი მისი პირადი ოპერატორის თამაზ შავშიშვილის პროკურატურაში დაკითხვის ფაქტს ნიუ-ორკიდან გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, გამოძიებას ოპერატორთან 2008 წლის 8 აგვისტოს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.
პროკურატურაში დაიბარეს ჩემი პირადი ოპერატორი ტომაზო შავშიშვილი, პირადი ოპერატორი აღარ მყავს, მაგრამ ჩემს ღონისძიებებზე ახლაც დადის. გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული კითხვები, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს იყო უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ვითომ ამან გადაიღო. სადაც ჩვენ თურმე ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავწყვიტოთ ოსები და საქმე არის აღძრული ქართველების მიერ ოსი ხალხის გენოციდის მუხლით.
ეს ის პერიოდია, როდესაც გიორგი ანწუხელიძე იბრძვის ცხინვალში და ჩვენი ათასობით გმირი. ეს არის, ის პერიოდი, 8 აგვისტო, როდესაც მე-4 ბრიგადის მოწინავე ასეულმა, რუსეთის 58-ე არმიის გენერალი ხრულოვი დაჭრა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ჩამოვყარეთ 14 -მდე რუსული თვითმფრინავი და თურმე, ამ დროს ჩვენ ვიჯექით და ვმსჯელობდით, როგორ დავხოცოთ ოსები და ამას დღეს იძიებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. იმავე დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ისინი აღძრავენ ჩემზე საქმეს გენოციდის მუხლით და მოითხოვენ ჩემს საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაცემას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი მთავარ პროკურატურაში დაიკითხვაზე დაიბარეს. თამაზ შავშიშვილმა გამოძიების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში უპასუხა. “კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ უკვე დაიკითხა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ოპერატორი ბესო ხურცილავა. საგამოძებო უწყებაში არქივთან დაკავშირებით დაჰკითხეს. ხურცილავას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 7 საათს გაგრძელდა.