ზურაბ აბაშიძე თავდაცვის სამინისტროს საკითხზე ნდობის ჯგუფის მოწვევას პოლიტიკურ მოტივაციას მიიჩნევს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხზე ნდობის ჯგუფის მოწვევის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს. მისივე თქმით, ამგვარი ქმედება კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ხელისუფლებას.
“თავდაცვის სამინისტროს მიმართ პროკურატურის გააქტიურებაში და ამ საქმეში საპარლამენტო მექანიზმების ჩართვაში ნდობის ჯგუფის სახით ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ მოტივაციას ვხედავთ. ეს არ არის კარგი ხელისუფლებისათვის, თუ რაიმე დარღვევები არსებობდა თავდაცვის სამინისტროში, თავის დროზე შეიძლებოდა ამის განხილვა. მაგრამ დღეს, როცა აშკარაა ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის მაქსიმალური დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა, ეს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ხელისუფლებას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები გადაუგზავნა. გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები