ყაჩაღებმა 28-სულიანი ოჯახის 17 წევრი მოკლეს — ჯუგაანელი ელაშვილების ტრაგედია
ეს ამბავი 100 წლის წინ მოხდა. ტრაგედია, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, ელაშვილების 28-სულიან ოჯახში დატრიალდა, სადაც ყაჩაღებმა ერთ ღამეში ოჯახის ნახევარზე მეტი ამოწყვიტეს. სახლიდან 17 ცხედარი გაასვენეს.
ყველაფერი 1921 წლის თებერვალში, საქართველოში რუსეთის მე-11 წითელი არმიის შემოსვლით დაიწყო. რუსი სამხედროები მოსახლეობას საშინლად იქცეოდნენ, ამიტომ ელაშვილებმა გადაწყვიტეს, მათგან ერთგვარი „თავდაცვის მექანიზმი“ შეემუშავებინათ და რუს ოფიცერ პეჩინსკისთან ნათელმირონული ურთიერთობა დაამყარეს, თუმცა განაჩენი ოჯახს სწორედ პეჩინსკიმ, უფრო სწორად, მისმა ძმამ გამოუტანა.
ელაშვილებს ბევრი ღორი ჰყავდათ. ერთხელაც ბაზარში 300 ღორი გაყიდეს და შინ ფულით დაბრუნდნენ. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, რომ ოჯახმა ტომარა ფულით გაავსო.
— სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? — უკითხავს.
ამათაც, ალალად უპასუხეს — ღორები გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო. შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.
მჭედლიშვილი დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო.
20 დეკემბერს, ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს, ელაშვილებთან მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ ბოლშევიკები მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.
ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ ოჯახს წინააღმდეგობა ვერ გაეწია.
ილა დოლაშვილის მისვლის შემდეგ, თუ რამ იარაღი ჰქონდათ, ელაშვილებმა გადამალეს. ამასობაში თავდამსხმელებიც მოვიდნენ და ოჯახის ყველა წევრი, დიდი თუ პატარა, ერთ ოთახში მოამწყვდიეს.
როგორც „პრაიმტაიმის“ გვერდზე ვკითხულობთ, ყაჩაღებმა პირველ რიგში ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. ქალებს სამკაულები მოახსნევინეს და ფულის ძებნა დაიწყეს. ალბათ იფიქრეს, რომ ტომრით მოტანილ ფულს ბალიშებში გადამალავდნენ და მათ დაჭრა-დახევას მიჰყვეს ხელი. სწორედ ამ დროს ოჯახის უფროსმა დიასალისმა, მართა ბებიამ, საუბედუროდ, მძარცველთა შორის ნათლიის ძმა ამოიცნო და დაანამუსა, — რატომ არა გრცხვენია, ჩვენი ნათლიის ძმა არა ხარ? რატომ გვძარცვავო?
პეჩინსკის შეეშინდა და გასცა განკარგულება, — ერთიანად თუ არ ამოვხოცეთ, ციხეში ჩაგვყრიანო. არყით შეზარხოშებულ კავალერისტებს ბრძანების გამეორება არ დასჭირვებიათ…
დილით ჯუგაანში საშინელი ამბავი გავრცელდა ამოხოცილი ოჯახის შესახებ. მთელი სოფელი მიაწყდა მათ სახლს. ვინც შიგნით შეღწევა მოახერხა, შეძრწუნებული გამოდიოდა. სახლის ორივე სართულზე, ოთახებში სისხლის გუბეები იდგა და იატაკზე მიმოყრილი იყო ტყვიით დახოცილთა და ხმლებით აჩეხილთა გვამები. იმ ღამით 17 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. 28-სულიანი ოჯახიდან მხოლოდ 11 დარჩა ცოცხალი. ისინიც, ძირითადად, იმიტომ, რომ ამ დროს შინ არ იყვნენ.
საბჭოთა სასამართლო დამნაშავეთა დასჯას აჭიანურებდა და გახსნილი საქმე კიდევ დიდხანს იდო უმაღლეს სასამართლოში. როცა ოჯახში ცოცხლად დარჩენილ ძმებს მოთმინების ფიალა აევსოთ, თბილისში ჩავიდნენ და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიაკითხეს.
ერთ-ერთმა მას მაგიდაზე დაღუპულ ოჯახის წევრთა კუბოების ფოტოსურათი და კავალერისტის მიერ ძმის მოჩეხილი მტევანი დაუდო, რომელიც შენახული ჰქონია და ქიზიყური პირდაპირობით შეეკითხა: — თქვე გამჩენძაღლებო, ამის გამკეთებლებს ხელს რატომ აფარებთო?
სასამართლოს თავმჯდომარემ მიხაკოს პირდაპირობა ჯერ შეურაცხყოფად მიიღო და გაიფიქრა, — ჭკუას ვასწავლი ამ გაუთლელ ქიზიყელებსო, მაგრამ ამდენი გარდაცვლილის ჭირისუფალს ვეღარაფერი გაუბედა და დაჰპირდა, — დამნაშავეებს მალე დავსჯითო.
მეტყავიანთ ოჯახის მხეცური ხოცვა-ჟლეტის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2 წლის შემდეგ სიღნაღში შედგა და 3 დღეს გრძელდებოდა. უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის განაჩენით, დახვრეტა მიესაჯა პეჩინსკის და ექვს წითელარმიელს. მჭედლიშვილს (ვინც ინფორმაცია მისცა კავალერისტებს) და დოლაშვილს (ყაჩაღების მიერ გაგზავნილი კაცი, რომელმაც იარაღი გადაამალვინა) 10-10 წლით პატიმრობა აკმარეს. სამი წითელარმიელი მეთაურთა დახმარებით რუსეთში გაიქცა და სასჯელს თავი აარიდა.
სიკვდილმისჯილები 2 დღის შემდეგ სიღნაღის გალავანთან სახალხოდ დახვრიტეს. როგორც ამბობენ, დახვრეტას ელაშვილების ოჯახის წევრები და ჯუგაანის მცხოვრებნი ესწრებოდნენ.