პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ დავით ბაქრაძე ნდობას გაამართლებს

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დავით ბაქრაძის დანიშვნის ფაქტს პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ დავით ბაქრაძე ნდობას გაამართლებს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ბაქრაძის კანდიდატურას ვერ შეაფასებს იმის გამო, რომ მას პირდადა არ იცნობს. “მე ვენდობი საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის აპარატს, რომელთაც გამოარჩიეს ეს ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ღირსეული მინისტრი იქნება”, -აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი გუშინ მოაწერა. დავით ბაქრაძეს აქვს დიპლომატიური მოღვაწეობის თორმეტწლიანი გამოცდილება. 2002-2004 წლებში ის იყო შვეიცარიის კონფედერაციასა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს – ჟენევაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, 2004–2005 წლებში კი – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
დავით ბაქრაძე 2006-2008 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2008-2010 წლებში იყო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2012 წლის მარტიდან დღემდე იყო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. დავით ბაქრაძეს 2014 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები