„ბერუჩაშვილი გრძელვადიანი მინისტრი არ უნდა იყოს“

„თამარ ბერუჩაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა პოლიტიკურად გამართლებულად მიმაჩნია, თუმცა ის არ უნდა იყოს გრძელვადიანი მინისტრი“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ გააკეთა.
გამზარდიას განცხადებით, ბერუჩაშვილის დანიშვნა, მისი პროდასავლურობიდან გამომდინარე, გასაგებია და საერთაშორისო ასპარეზზეც მომგებიანია, თუმცა, მისივე თქმით, მის დანიშვნას იმდენად ცუდი რეაგირება მოჰყვა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, რომ არ შეიძლება ბერუჩაშვილი გრძელვადიან მინისტრად იყოს განხილული.
„ ალასანიას პირველადი განცხადებები იყო მცდელობა, ქვეყნის საერთაშორისო ორიენტაციის პერსონიფიცირება მომხდარიყო. სწორედ ამ ფონზე მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხელისუფლებაში დარჩენილიყნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ალასანიას გუნდში მოიაზრებოდნენ. ბერუჩაშვილის დაბრუნება და მისი მინისტრად დანიშვნა ჩემი მოსაზრებით მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში არის გამართლებული, იმიტომ რომ ის არის ძველი მოადგილე, ის მოიაზრებოდა დასავლური ხედვის მქონე პიროვნებად და ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს მომგებიანი. თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მინისტრად დანიშვნა გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა იყოს განხილული. სანამ არსებობს რისკი ორიენტაციისა, მანამდე შესაძლოა, მისი ფიგურა პოლიტიკური ინტერესებისათვის იყოს გამოყენებული. როცა ეს რისკები შემცირდება, უნდა დადგეს მისი მინისტრობის მიზანშეწონილობის საკითხი. მინისტრი არ უნდა აკეთებდეს დღეს განცხადებას, რომ ქვეყენა ინგრევა და დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაიხარა და მეორე დღეს არ უნდა თქვას, რომ თურმე ისევ დასავლეთისკენ ყოფილა“,- განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა. შეგახსენებთ, რომ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო.
თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძის პოსტიდან წასვლის დღეს მასთან ერთად თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ იგი „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს აღარ ტოვებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები