ნინო ბურჯანაძე: „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნეს

პოლიტიკური პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნეს. როგორც ბურჯანაძემ გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, ალასანია და მისი გუნდის წევრები პოლიტიკოსებად დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ.
მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვერ გათვალა, რა მოჰყვებოდა თავის განცხადებას.
„მიუხედავად უზარმაზარი ამბიციებისა, ვერც მათი ლიდერი და ვერც თავად პარტიის წევრები პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ, ისინი კარგი დიპლომატები და ჩინოვნიკები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკოსებად ვერ ივარგეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ალასანიამ ერთი საათით ადრეც კი ვერ განსაზღვრა, რა შეიძლებოდა შანტაჟის ტონის მატარებელ მის განცხადებას მოჰყოლოდა. ღარიბაშვილს რაც არ უნდა სდომებოდა, რომ ალასანია პოსტიდან არ გადაეყენებინა, მან პრემიერს სხვა გზა არ დაუტოვა და თავი მოახსნევინა. როცა პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ განცხადებებიდან ორ საათში მოგხსნან, როცა შენ ეს არ გინდა“, – განაცხადა ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები