ლევან მახაშვილი: მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში
„მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში,“- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კვლევა ძალიან ბევრი მიმართულებით კარგად აჩვენებს საზოგადოებრივ განწყობებს.
„უპირველესად ის, რომ ქართული ოცნება არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ქართულად პოლიტიკურ სივრცეში. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მთავარი დაკვეთა არის დემოკრატიული პროცესები, ცივილური საარჩევნო პროცესები და არა რადიკალიზაცია და ქუჩაში პოლიტიკის წარმოება. ამავე დროს, ჩვენ როგორც ქართული ოცნება, რა თქმა უნდა მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს გორბის კვლევაში“, – აცხადებს მახაშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.