„რაღაც თავდაყირა ვდგავართ და გვიჭირს, ვეცემით…“

             იცნობენ, როგორც მწერალს, პოეტს, კომპოზიტორს, მუსიკოსს – მისი შემოქმედება ერთნაირად საინტერესოა. ეს დიდი ნიჭი ოჯახიდან მოდის, თუმცა, ოჯახი რომ არა, „მაინც ვივლიდი იქ, როგორც კლუბში, როგორც ერთადერთ სახალისო სკოლაში…“, – ამბობს ნინო გუგეშაშვილი.

როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ოჯახიდან ხარ…10749520_758913974157657_1841732274_n
– რომ არ ყოფილიყო ჩემი ოჯახი, მე მაინც ვივლიდი იქ, როგორც კლუბში, როგორც ერთადერთ სახალისო სკოლაში, სადაც გყავს მხიარული, კეთილი და ჭკვიანი მეგობრები, სადაც მოდიან ურთიერთობისთვის, განათლებისთვის, სპორტისთვის, მუსიკისთვის, სიცილისთვის… ამ ყველაფრის ეპიცენტრი, რა თქმა უნდა, მშობლები იყვნენ. ძნელია, ჩაატიო ერთი კითხვის პასუხში, ან თუნდაც ერთი კაცის ცხოვრებაში ის, რაც მამაჩემმა, ბორის გუგეშაშვილმა გააკეთა, როგორც პოეტმა, მწერალმა და მუსიკოსმა, როგორც მოხალისემ, ქალაქიდან სოფელში წასულმა თავისი ხეობისა და რაიონის გამოსაცოცხლებლად და, როგორც ოჯახის ძალიან მშრომელმა მამამ. სწრაფი იყო ელვასავით, თავისუფალი და ძალიან ხალისიანი, ალბათ, ამიტომ მოასწრო ყველაფერი ასევე ხალისიან, ასევე ელვასავით სწრაფ, ლამაზ და კეთილ დედაჩემთან ერთად. ამოტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში რაღაც ფრაგმენტები – როგორ ადვილად თანხმდებოდნენ გაცემაში, გაჭირვებულის დახმარებაში, რაღაც სიკეთის გაკეთებაში და როგორ უხაროდათ ეს შეთანხმება. სიკეთეში უყვარდათ ერთმანეთი. და კიდევ მთავარი – ეს იყო რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი ხასიათის ჩამოყალიბების სკოლა. ძალიან მიკვირს იმ ფონზე – როგორ უჭირთ ადამიანებს ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა და განსხვავებული აზრის მოსმენა. ჩვენ ამას ძალიან მშვიდად ვაკეთებდით… ასევე არ მესმის, რა არის ეს ყბადაღებული „მამათა და შვილთა ომი“? რა ომი?! ერთი სიხარული იყო!…
რა გავლენა მოახდინა ოჯახმა შენს ცხოვრებაზე…
  – დედა აკადემიურ განათლებას და საქმეებში წესრიგიანობას გვიკონტროლებდა და ძალიან აკურატული, მკაცრიც კი იყო ამ კონტროლში. მამა, სრულიად საპირისპირო ხასიათის, იმპროვიზებულ, სპონტანურ და სახალისო დამატებით განათლებას გვაძლევდა. გამუდმებით რაღაცაში გვავარჯიშებდა ბავშვებს. მარტო ჩვენ არა, ყველა ბავშვს, ვინც კი იყო სადმე სიახლოვეს. ხასიათი ჰქონდა ასეთი, აზარტული, მოუსვენარი: აბა, ვინ გარითმოს ყველაზე კარგად, აბა, იმ ხესთან ვინ მიირბინოს და მოირბინოს ყველაზე სწრაფად, აბა, ეს ვინ დაწეროს უფრო მოკლედ, ვინ გამოიცნოს, ვინ ამოხსნას საჭადრაკო, თუ მათემატიკური ამოცანა, ბურთი ვინ ჩააგდოს, სცენა ვინ გაითამაშოს, ვინ დახატოს… ყოველ საღამოს ოფიციალური რეპეტიციები გვქონდა ვოკალში (ვგიჟდებოდი ამ რეპეტიციებზე) და შუადღით ჭადრაკის გაკვეთილი. საინტერესო ამბების კორიანტელი იყო ჩვენს ირგვლივ. პიესებს წერდა და სცენაზე გვადგმევინებდა, მთელი საკაურას ხეობის ბავშვები ჩართული ვყავდით სიმღერაში, ტენისში, ფეხბურთში, თეატრში, კითხვაში, ჭადრაკში, ფესტივალებზე ჩავყავდით ონში, ვიმარჯვებდით, მერე უკვე თბილისში და სხვა ქალაქებში… ეს ძალიან მჩქეფარე   და, ასე ვთქვათ, ფართოპროფილიანი ცხოვრება იყო…
– როგორ დაიწყო შენი შემოქმედებითი გზა…10579103_758913967490991_1304820559_n
– 
როდის რა დაიწყო, ვერ ვიტყვი: სულ რაღაც მუსიკას ვწერდი, ვხატავდი, ვძერწავდი… გენეტიკამ და აღზრდის სტილმა ერთად ეს რეალობა მოიტანა უბრალოდ. ბავშვებთან გაუთავებელ თამაშს ხშირად სახლში დარჩენა და რაღაც ჩემ აღმოჩენებთან და ფიქრებთან მარტო ყოფნა მერჩივნა… საერთოდ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რაღაც დანაშაულებრივი მაქვს ხასიათში –  ერთი სული მაქვს, მარტო როდის დავრჩები.  თოთო ბავშვი გარესამყაროს პირში იდებს დასაგემოვნებლად. მერე იზრდება და ხელით, ფეხით, ყნოსვით, ყველა გრძნობით აგემოვნებს, ატარებს თავის თავში. ასე იზრდება შენთან ერთად ის ნაკადი, რომელიც უნდა მიიღო, გაატარო და თანდათან, რაღაც ნაგლეჯებისგან, ექსპერიმენტებისგან, თვითონაც ვერ იგებ, როდის, უკვე შენს შექმნილს მიიღებ, ლექსს, სიმღერას, პერსონაჟს, რომელიც დაიბადება და არსებობს, არსად აღარ მიდის. სხვათა შორის, გიტარაზე დაკვრას არ მასწავლიდა მამაჩემი, ძნელია, ბევრი ვარჯიში უნდაო. ჩემით ჩავუჯდებოდი, როცა მარტო ვრჩებოდი და ვცდილობდი გამომეცნო, სად და როგორ ჟღერს. ძალიან პატარა ვიყავი, მუხლებიდან მივარდებოდა გიტარა, იმდენ ხანს ვაჯღაბუნებდი, ამ მეტალის სიმებზე თითები დამეჭრებოდა ხოლმე. გაუთავებლად ვუკრავდი, ხელს თუ არ შემიშლიდნენ, ალბათ 24 საათი შემეძლო. მერე იგივე დამემართა პიანინოზე. ეს ძალიან დიდი სიყვარულია. არა, სიყვარული კი არა, რაღაც წამლეკავი დინებაა: თავისით მოდის, მოდის და მოდის…. ვერ უმკლავდები, არც უნდა გაუძალიანდე.
– რატომ მწერლობა და მუსიკა?
– 
ბევრი რამ მაინტერესებდა, ბევრი რაღაც და ვიღაც მინდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ ყველაფერი ხომ ვერ გამოხვალ ერთად? ჰოდა, ყველაზე კარგად ეს სურვილები მუსიკაში და ლიტერატურაში ჩაეტია, და კიდევ ვიდეოში, რეჟისორობაც მინდოდა, მხატვრობაც – ჩვენს კლიპებს  ახლა მე ვამონტაჟებ.
– რა მოგიტანეს შენმა მოთხრობებმა (წიგნებმა) და მუსიკამ, რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?10524987_758913977490990_101186310_n
– 
პირველი, რაც მოაქვს მუსიკას და ლიტერატურას, შემოქმედებას, საერთოდ, ესაა ის რაღაც ბედნიერი წამი, თუ წუთი, როცა იგრძნობ, რომ შენში აი, ახლა რაღაც მოხდა! არაფერს არ ელოდი, მიდი–მოდიოდი, საქმეს აკეთებდი ერთი ნორმალური ადამიანი და უცებ, ამოგარჩევს მეხი და თითქოს შენს თავზე განიმუხტა, რაღაც ძალიან სასიამოვნო და დამაბრუალებელი აზრი, იდეა მოვა. ერთი სიმღერა მაქვს, „ფითრი“. რამსიგრძეცაა, დაახლოებით იმდენ წუთში დაიწერა. რომ ავიღე გიტარა და წამოვიდა თავისით ლექსით, წამოვიდა, როგორც ღელე მოდიდებული. არ შევჩერებულვარ, ისე დავწერე. მხოლოდ ერთხელ შევჩერდი, სიტყვებს ვინ მკარნახობს–მეთქი? მივიხედ–მოვიხედე, ისეთი გამზადებული მოდიოდა. ეს აუწერელი რამეა!… კიდევ ის შეიცვალა, რომ წიგნებმა და სოციალურმა ქსელმა  მკითხველი გამიმრავლა. აუდიოჩანაწერებმა – მსმენელი. მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. მთავარი მაინც ის სიამოვნებაა, რომელსაც კეთების დროს, დაცლის პროცესისგან და შედეგის ნახვით კვლავ ავსებისგან იღებ და კიდევ ის სიხარული, როცა ეს სხვებსაც ანიჭებს სიამოვნებას.
– ამბობ, რომ მუსიკაში უფრო მეტად დაუნდობელი და პირდაპირი ხარ – რაში გამოიხატება ეს?
– 
„დაუნდობელი“ ცოტა საშიში სიტყვაა, არ მინდა ვინმე შევაშინო. ისე კი, მოთხრობაში მეტად ვუწევ ანგარიშს მკითხველს, ვიდრე მუსიკაში – მსმენელს. ეს ბუნებრივად ხდება ასე. ალბათ, იმიტომ, რომ კითხვას მეტი ფიზიკური შეხება სჭირდება, ვიდრე მოსმენას. ყოველი ზედმეტი ფიზიკური შეხება ჩემთვის ისეთი ბარიერია, რომლის დაძლევა ძალიან მაზარმაცებს საქმეში. და ვცდილობ, ეს  ფიზიკური შეხება წიგნთან, კომპიუტერთან, თუ „მაუსთან“, წიგნის ზიდვასთან, თუ თაროდან ჩამოღებასთან მკითხველმა ადვილად დაძლიოს, ვერ შეამჩნიოს, იმდენად მიიზიდოს მოთხრობამ, დაუძახოს, თავი წააკითხოს. არ ვგულისხმობ შემოქმედებით კომპრომისზე წასვლას. ვგულისხმობ მიწოდების და ფორმის ხალისიანობას, თუნდ სათქმელი მძიმე იყოს. მუსიკას ნაკლები ფიზიკური შეხება სჭირდება მსმენელისგან, – ჩართავ და ისმის, სულაც არაა აუცილებელი, რომ იჯდე ეკრანთან, ან წიგნთან და თვალები გახელილი გქონდეს. ამიტომ, ასე გამომდის, ქვეცნობიერად – მსმენელს უფრო „არ ვზოგავ“, ისედაც აქვს „შეღავათები“, დავუშვათ, თან ისაქმიანოს, თან მუსიკას უსმინოს. თუმცა მერე ჩემი მუსიკა ისეთი აღმოჩნდება ხოლმე, რომ, ან საერთოდ ვერ უსმენენ, ან საქმეს თავს ანებებენ და ისე უსმენენ.
ფაქტია, რომ ჩემი პროზის დიდი ნაწილი ნათლად, ადვილად იკითხება, ხოლო  ჩემი მუსიკა უფრო მძიმეა.
ვინ არის შენი მკითხველი და მსმენელი…
– 
შემოქმედება ორმხრივი პროცესია. მე როცა ვაკეთებ, ვწერ, ყოველთვის კონკრეტული ადამიანი, ან რაღაც ჯგუფი მყავს წარმოდგენილი, ვინც ვიცი, რომ ჩემგან რაღაც ახალს ელოდება. მერე მათგან წამოსული ემოცია ისევ გავსებს და ასე აკეთებ კიდევ ახალს… კიდევაც რომ არ მოეწონოს ვიღაცას, ეს არმოწონებაც გიბიძგებს ახლისკენ. მე ძალიან მიყვარს მსმენელი და მკითხველი, მიყვარს კი არა, მათ გარეშე არაფერია – ისინი სრულფასოვანი თანაავტორები არიან.
– ადამიანები?..
– 
ადამიანები, როგორც დედამიწის ვარსკვლავები, ანათებენ, მოძრაობენ… ზოგი მეტად კაშკაშებს, ზოგი – ნაკლებად. ზოგი შორს გიყვარს, ზოგი ახლოს, ზოგი – ერთობაში, მთლიანობაში, როგორც ნისლეული, ვარსკვლავთმტვერი. ყველა ადამიანი ვარსკვლავია. არ ვგულისხმობ წითელი ხალიჩების და სცენების ვარსკვლავობას, ეგ დიდი პატარების მოგონილი თამაშია, რომელიც უკვე გადმონაშთურად გამოიყურება და ისეთი გრანდიოზული შოუების სახე მიიღო, რომ სასაცილო და უაზრო გახდა – მალე, ალბათ, თავის თავს შეჭამს. უბრალოდ, ცხოვრებაში, ყოფაში ყველა ადამიანი ვარსკვლავია, ყველას თავისი გამოსხივება და გრავიტაცია აქვს. ამქვეყნად მოსვლის ვეებერთელა ლოტოტრონში ჩვენ დაბადება ამოგვივიდა და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს – უფრო კეთილად და მეტი სიყვარულით ვხარჯოთ ჩვენი გამოსხივება. ძალიან ბევრი ადამიანი, იმ ლოტოტრონში ჩარჩენილი უთვალავი ბილეთივით, სულაც დაუბადებელი დარჩა… ოდესმე იმათაც ამოუვათ დაბადება – თავიანთ რიგს ელოდებიან…
– როდის არის ნინო გუგეშაშვილი, როგორც თვითონ ამბობ ხშირად: ყველაზე „ნაღდი“ და მართალი…“
– 
ოო, „ნაღდი“! – ეს ჩემთვის უპირველესი საზომია. საკმარისია ოდნავ გაიჟღარუნოს სიყალბემ, წამსვე გავეცლები გარემოს, ადამიანს, მივახურავ იმ წიგნს და აღარასოდეს არ გადავშლი. ყალბ ვოკალიან და ყალბ „სიფათებიან“ მუსიკას ვერაფრით ვერ ვუსმენ, მრცხვენია, რაგინდ „მაღალოსტატურიც“ არ უნდა იყოს შესრულება…. მირჩევნია ნაკეთობა იყოს გამოჩორკნილი და ნაღდი, ვიდრე „რაფინირებული“ და ყალბი. ეს „მაღალოსტატური“ და „რაფინირებული“, იცით, რატომ ჩავსვი ბრჭყალებში? იმიტომ, რომ ჩემთვის ოსტატობა სინაღდეშია. მის მიღწევაში, მოხელთებასა და გადმოცემაში. როდის ვარ ნაღდი და მართალი? უნაღდობის  აზრს საერთოდ ვერ ვხედავ ვერც ურთიერთობებში და ვერც ხელოვნებაში. შენ ხომ შენი თავი უნდა გადმოსცე, როგორი დაიბადე, როგორ გაიარა გარესამყარომ შენში, ამით ხარ საინტერესო, თორემ ისე უკვე ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი დაკრულია, ყველაფერი დახატულია. შენ შენი თავით ხარ საინტერესო, შენი ფილტრებით, შენი საკუთარი „სკოპებით“…
როდის არ ვარ მართალი? ძალიან მაამებლურ გარემოში ვცხოვრობთ, სიმართლეს არ ვეუბნებით ერთმანეთს. როცა ვხედავ, ვინმეს აშკარად უაზროდ აქებენ, ატყუებენ და ვერ ვეუბნები, „გატყუებენ, გემლიქვნელებიან, არაა ეს კარგი, მოდი ამაზე  დაფიქრდი, რომ უკეთესად გამოგივიდეს“, მაშინ მრჩება დანაშაულის გრძნობა, რომ არ ვიყავი მართალი, მაგრამ რამდენჯერაც შევეცადე, რაგინდ დიპლომატია და მთელი ჩემი ხავერდები არ ჩავაქსოვე ნათქვამში, იმდენჯერ დავრწმუნდი, რომ ქების მეტი არაფრის გაგონება არ უნდათ ადამიანებს. ერთხელ სოციალურ ქსელში კამპანიაც წამოვიწყე. მოდით, დაიწყეთ ჩემით, არ მინდა ქება, მითხარით ის, რასაც ფიქრობთ. ნაწერს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, და არა თვალების ფერს და მკერდის ზომას. მაამებლობაში ისე მივექანებით და ისეთი ზვავი ავაგორეთ ქების, თვითქების და ტყუილის, რომ უკვე ზღარბი იქცა კაკლის მურაბად, აგურის ნატეხი იქცა ალმასად, მოთხრობა გახდა ლექსი და პირიქით, ლენჩი გახდა პროფესორი და პირიქით, ჯირკი მინისტრად იქცა, შრატი – ღვინოდ, მიმბაძველობა – ნიჭად. თავის ადგილზე ყველაფერი საჭიროა: ზღარბიც, ლენჩიც, აგურიც, მოთხრობაც, ლექსიც, პროფესორიც, ჯირკიც, შრატიც, მინისტრიც და პაროდიაც, მაგრამ ერქვას თავისი სახელი და დალაგდება ყველაფერი. რაღაც თავდაყირა ვდგავართ და გვიჭირს, ვეცემით.
– ჯილდოები და პრემიები…10751706_758913970824324_85380880_n
– 
ადრეული ბავშვობიდან „შევეჩვიე“ ჯილდოებს. ჯერ კიდევ ბაქოში, 5–6 წლისანი ვიყავით მე და ჩემი და, სიმღერის კონკურსში რომ გავიმარჯვეთ. მაგრამ საქმე სულ სხვა რაღაცაშია: ერთხელ კარგად ვიმღერე ერთ–ერთ ფესტივალზე და, როგორც ხდება ხოლმე კონცერტის მერე, მეხვევიან, მკოცნიან,- „ვაიმე, რა პატარაა და ეს ხმა საიდან ამოსდის“,- ასეთ სტილში. გავიხედე უცებ და ჩაბნელებულ კულისებში დავინახე, ჩუმად მიყურებს ჩემი ტოლი ბავშვი, რომელმაც ასევე იმღერა, მაგრამ საშუალოდ, შეუმჩნევლად, ჰოდა არავინაც არ ეხვევა და არ კოცნის. აი, მაშინ რა უნდა მექნა, არ ვიცოდი და ვერაფერიც ვერ ვქენი. ძალიან პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ უნდა მექცია ჩემი ზეიმი მის ზეიმადაც…
მეორედ მოხდა, ჭადრაკში მოვუგე გოგონას ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი პარტია. ის წავიდა და ჩუმად იტირა. მისი გუნდიც დამოკიდებული იყო იმ ერთ ქულაზე და ჩემიც. უთქმელი ბავშვი ვიყავი, ვერ ვუთხარი, ნუ ტირიხარ–მეთქი, ვერ მოვეფერე, თან მრცხვენოდა მიახლოება. მე იმის თქმა მინდა, რომ არ ვგიჟდები „გამარჯვებებზე“, ეს არაა ცალსახად ბედნიერება, თუმცა უდავოდ სტიმულის მომცემია გამარჯვება. თუ გაიმარჯვებ, ძალიან, ძალიან ღირსი უნდა იყო. როცა კი ლიტარატურულ კონკურსში გავიმარჯვე, ან რამე პრიზი ავიღე, სანამ არ დავრჩი მარტო შუაღამისას, არ გადავიკითხე ყველაფერი და არ დავრწმუნდი, რომ ჰო, ღირსი ვიყავი, ჩაშფოთებული (ეს სიტყვა ჩაშხამებულის და შფოთის ნაერთია) მქონდა მთელი ზეიმი. ისეც მომხდარა, რომ ჟიურის და გამარჯვებულების დაცვა იქით მიწევდა გაბრაზებული მკითხველებისგან ჩემი ვერგასული, მაგრამ მკითხველში ძალიან მოწონებული და გაჰიტებული ტექსტის გამო. ყველაფერი ხდება, მთავარია, შენ თვითონ ხარისხიანად აკეთო საქმე ( ისე კი, თუ ვინმეს ეს აინტერესებს, ლიტერატურაში მიღებული მაქვს „პენ–მარათონის“ პირველი, მესამე და სპეცპრიზები, „ლექსების გამოფენის“ – ორჯერ (პოეზიაში და პროზაში), ორგანიზატორის სპეცპრიზი და მკითხველის სიმპათიის, ასევე „ხვარამზეობის“ მეორე პრემია ( ათეულებში და ფინალისტებში მოხვედრები ბევრჯერ იყო…).
– ყველაზე დასამახსოვრებელი ლიტერატურული კონკურსი…
– 
ყველაზე კარგად, კულტურულად ორგანიზებული კონკურსი „პენ–მარათონი“ იყო. ყველაფერზე ორგანიზატორები ზრუნავდნენ, პუნქტუალურად გაყენებდნენ საქმის კურსში, ყველა პირობას გიქმნიდნენ, შენ ოღონდ დაჯექი და წერე. უკვე ოთხი წელია, აღარ ჩატარებულა, შუაშიც ჰქონდა წყვეტა და ეს ნამდვილად არაა ჩვენს ქვეყანაში კულტურის აყვავების მაჩვენებელი. ძალიან ველოდები „პენ–მარათონს“. „ლექსების გამოფენაც“ კარგად ორგანიზებული კონკურსი იყო, მასაც შეექმნა ბოლო დროს პრობლემები და არც ეს არაა ლიტერატურის ყვავილობის ნიშანი. მომრავლდა შედარებით ბუნდოვანი, არაორგანიზებული კონკურსები. პროექტების ბუმია საქართველოში, პროექტის წერა ყველამ ისწავლა და ოღონდაც დაფინანსება მიიღონ, პროექტი როგორმე გადააგორონ და ხარისხს დიდად აღარ დაგიდევენ. იქ რა ხდება, ვინ ვის გადაურეკავს, რას გააგებინებს, ვინ ვისი მეგობარია, ხშირად ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. დაე, მომრავლდეს კონკურსები და კარგი ამბები, მაგრამ, რა გინდ მცირებიუჯეტიანი და ლოკალური მნიშვნელობისაც არ უნდა იყოს კონკურსი, ხელოვნების, ხელოვანის და, ზოგადად, კონკურსის სახელს, როგორც ასეთს, უნდა გაუფრთხილდეს. ღვინის კონკურსზე ღვინომ უნდა მიიღოს პრიზები და არა შრატმა, ესაა მთავარი! თორემ იდეალურად ობიექტური ჟიური და კონკურსი, რა თქმა უნდა, არ არსებობს.
– ერთი დასამახსოვრებელი დღე…
– 
ერთი დასამახსოვრებელი დღე? მიუხედავად იმისა, რომ ყველა პრიზის მიღება დიდი სიხარულია, ერთი უპრიზო დღე სულ მახსოვს: გონიოს ციხის ეზოში ჩატარდა ერთ–ერთი „პენ–მარათონი“. იყო ნაწვიმარი, ჭირვეულად იდარებდა, ხან წამოვიდოდა ნისლი, ხან თქორი, ხან რაღაც, წვიმაც რომ აღარ ერქვა, ნესტიანი ჰაერი ეშვებოდა, ბოლოს გამოიდარა. თანდათან ვთბებოდით და თანდათან ვწერდით. მივიფანტ–მოვიფანტეთ გონიოს ციხის ეზოში. ტენტის ქვეშ, მაგიდებთან ცოტანიღა დარჩნენ. მე ვიჯექი სადღაც, მგონი კაკლის ხის ქვეშ, ვიყავი ძალიან უძილო, ვერ ვაზროვნებდი და ჩემს წინ აქოჩრილი მწვანილის კვლები იყო. მოვწიწკნიდი ამ ნაწვიმარ მწვანილს, ჯერ სახეში შევიშხეფებდი გამოსაფხიზლებლად და მერე შევჭამდი. ახლა ვუხდი ბოდიშს იმას, ვინც დათესა – დაახლოებით ორი სტანდარტული საბაზრო კონა მწვანილი შევუჭამე. მუხლებზე მედო პლანშეტი და ვწერდი. ჯერ არაფერი არ გამომდიოდა, მერე დაიქოქა, დაიქოქა და ორი მოთხრობა დავწერე იმ დღეს – „მე მინდა თოფი, რათა დავჟანგო“ და „აქა ვარ!“ მეორე ჩავაბარე და პირველი სახლში წამოვიღე.
და დღე იყო ასეთი: გაიხედავ და იქით ვანო შატბერაშვილი ზის და წერს, აქეთ ნუგზარ შატაიძე მიდი–მოდის და ფიქრობს, სადღაც ბესო სოლომანაშვილს ძინავს, სადღაც ჩიღვინაძე, ხვედელიძე, იათაშვილი მიდი–მოდიან, ხვდებიან ერთმანეთს, ლაპარაკობენ, შორდებიან, სხდებიან, წერენ, ისევ დგებიან, ტურაშვილი ყველას შორის დაჰქრის და ხმაურობს, კიდევ სხვები, კიდევ მონაწილეთა ის ჯგუფი, საჭმელ–სასმელის მაგიდას რომ არ სცილდება… გონიოს ციხის უზარმაზარი ეზო, მზე ძლიერდება, მწერლები გახდას იწყებენ და ციხის სველ ქონგურებს ბოლი ასდის… რაღაც მირაჟივით დღე იყო. მეც ბურუსში ვიყავი და ყველაფერი ბურუსში დარჩა, დაფიქსირდა… ასე მგონია, როცა არ უნდა მივიდე გონიოს ციხის ეზოში, ყველანი ისევ იქ დამხვდებიან.

მზევინარ ხუციშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები