სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ქართველი დააკავეს
სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში 24 წლის ქართველი დააკავეს. ეს ინფორმაცია “კვირას“ საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, შემთხვევა კალამათას რაიონში, მესინიაში მოხდა. ქართველ მამაკაცთან ერთად, საბერძნეთის მოქალაქეცაა დაკავებული. კონსულმა, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.
“პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირს საკუთარ სახლში ჭრილობა თავის არეში მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. ეჭვმიტანილები მასთან, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით იყვნენ მისული, მკვლელობა 16 თებერვალს მოხდა, ეჭვმიტანილები კი გუშინ – 17 თებერვალს დააკავეს “, – განაცხადა გიორგი არჩემაშვილმა.