„ირაკლი ალასანიას მიერ გამოძიების დასრულებამდე მაღალჩინოსნების უდანაშაულობის მტკიცება ბავშვური საქციელია“
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებებს, რომ ის მისი უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია, სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ალოგიკურსა და ნაჩქარევს უწოდებს.
წითელაშვილი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იმ უწყების ხელმძღვანელის მხრიდან, რომელი უწყების თანამშრომლებსაც გამოძიება კოლოსალური თანხების გაფლანგვას ედავება, გამოძიების დასრულებამდე ცალსახა განცხადებების კეთება ბავშვური საქციელია.
სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულება, დაელოდონ გამოძების შედეგებს და სუბიექტური მოსაზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავონ.
„დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე კვლავ გამოძიების პროცესშია. ამ ფონზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავის მართლების რეჟიმშია და გადაჭრით აცხადებს, რომ მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კანონის უზენაესობის პატივისცემას, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას. ყველას ვალია, რომ დაელოდოს გამოძიებას. კანონს უნდა დავემორჩილოთ და არა კანონი დავიმორჩილოთ, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ახალი ხელისუფლების პირობებში გამოძიებები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ასე რომ, უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს. ჩემი ინფორმაციით, ამ დანაშაულში ის ადამიანები არინ ჩართულები, რომლებიც თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდნენ. “სილქნეტი“ იყო ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც ახდენდა ყოფილი ხელისუფლება თვალთვალს და მოსმენებს, ალბათ, იგივეს გაგრძელებას აპირებდნენ ახლაც “, -განუცხადა “კვირას წითელაშვილმა.
წითელაშვილისთვის მიუღებელია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არ უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც უწყების ხელმძღვანელი მივლინებაში იმყოფებოდა. სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ ალასანიას საქართველოში ფიზიკურად ყოფნა აუცილებელ საჭიროებას არ წამოადგენდა. მეტიც, წითელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ალასანიას გარკვეულწილად ხელიც შეეშალა გამოძიებისთვის და მაღალჩინოსნების დაკავების პროცესისთვის.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლლების განცხადებებს, რომ ხელისუფლებამ ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო, წითელაშვილი ამ პოზიციას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილი დარღვევებით, არა მხოლოდ ალასანიას პიროვნების, არამედ ხელისუფლების იმიჯიც შეირყა.
“მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე არ წავიდოდნენ, იმიტომ რომ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ და ერთ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე იბრძვიან. ალასანიას უწყებაში აღმოჩენილი დარღვევები მხოლოდ ამ უწყების იმიჯს არ აკნინებს, ეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის შელახვაა“,-განუცხადა “კვირას“ წითელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.