ირაკლი ალასანია თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხუთშაბათს გააცნობს
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხუთშაბათს გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი განმარტებით, უწყების ხელმძღვანელი შესაბამის დოკუმენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრებს 6 ნოემბერს დაგეგმილ სხდომაზე გააცნობს.
“დღეს ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს აპირებს მოვიდეს დოკუმენტებით და მთავრობას წარმოუდგინოს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვა”, – განაცხადა სუბარმა.
დევნილთა მინისტრის განმარტებით, გამოძიების საქმეებში ჩარევას არ აპირებს.
“ნამდვილად არ ვაპირებ გამოძიების საქმეებში ჩარევას, მასალები თავად აჩვენებს ყველაფერს, როდესაც თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს თავის არგუმენტებს”, – აღნიშნა სუბარმა.