გორში გოგონას გამო მკვლელობა მოხდა – მკვლელობის დეტალები (ვიდეო)
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, გორში მცხოვრები გურამ გ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას მასზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა ასევე გორში მცხოვრები, 1973 წელს დაბადებული კახა ტ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კახა ტ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გურამ გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“კვირის“ ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება გოგონას გამო მოხდა. გუშინ საღამოს მოკლულის სახლში მეგობრები ქეიფობდნენ, სუფრასთან გარდაცვლილის ბიძაშვილი შეყვარებულ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონასთან ყოფილი შეყვარებული ურთიერთობის გაგრძელებას ისევ ცდილობდა, რის გამოც იგი გოგონას ახლანდელმა შეყვარებულმა და მისმა ბიძაშვილმა (კახა ტ-მ) სახლთან დაიბარეს. გოგონას ყოფილი შეყვარებული დანიშნულ ადგილზე მივიდა, საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით გურამ გ-მ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გოგონას შეყვარებულის ბიძაშვილს.
„კვირის“ ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ გარდაცვლილის ბიძაშვილი და მისი შეყვარებული.