თეა წულუკიანი: დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არ უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც უწყების ხელმძღვანელი მივლინებაში იმყოფებოდა. მისი შეფასებით, პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან დაირღვა დაუწერელი წესი, რაც მინისტრის პატივისცემას გულისხმობს ძალოვანების მხრიდან.
“ყველა გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლოლბა არ არსებობს, დაელოდოს მას, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს. იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვნებს და იგივეს მოითხოვს მათგან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების გამოძიების პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხს უშუალოდ მთავარი პროკურორი აგებს.
“მეორე საკითხია ის, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ამაზე პასუხს აგებს სისხლის სამართლის სფეროში უმაღლესი ფიგურა – საქართველოს მთავარი პროკურორი, რადგან ეს არ არის საქმე, რომელზეც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რიგითი გამომძიებელი ან პროკურორი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის აზრით, საქმის გარკვულ ნაწილს გრიფი “საიდუმლო” უნდა მოეხსნას.
“ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმის უმთავრეს ნაწილებს მაინც მოეხსნას გრიფი, რადგან დღეს მასალებსა და მასში დაფიქსირებულ გარემოებებზე ხელი არ მიგვიწვდება. არადა გამჭვირვალობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი”, – დასძინა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები