„მიმაჩნია, რომ ამ საქმის გარკვეულ ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას.
„მიმაჩნია, რომ ამ საქმის გარკვეულ ნაწილს გრიფი უნდა მოეხსნას, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში, თუმცა ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა.