გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები სტიქიის ზონაში კვლევებს აწარმოებენ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ შესაბამის კვლევებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში გეოლოგიურმა და ჰიდრომეტეოროლოგიურმა მოვლენებმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ოზურგეთში, ძლიერი წვიმის შედეგად წმ. გიორგის ქუჩაზე ახალრეაბილიტირებული გზა დაზიანდა. შესაბამისმა სამსახურებმა გზის გასუფთავება უზრუნველყვეს და მოძრაობა აღდგენილია.
ასევე აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია. ნალექის გამო გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომლითაც სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ცენტრალური საავტომობილი გზის სავალ ნაწილზე ადგილი ქონდა მეწყრული მასის ჩამოშლას, რის შედეგადაც, რამდენიმე საათის განმავლობაში შეიზღუდა ავტოტრანსპროტის მოძრაობა. ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ შესაბამის კვლევებს. პროცესების გააქტიურების შემთხვევაში, გეოლოგების მიერ შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, რის საფუძველზეც განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.