“სარკმელი ცისკენ”
მისი ხელები თვით შემოქმედს დაუკოცნია. ბევრი პროფესიის ადამიანს ბოლოს ლექსის მუზა შემოსჩენია და წლობით ნაფიქრის ფურცელზე გადმოტანა “უბრძანებია”. უკვე ორი კრებულის ავტორს პოეტად, მხატვრული კითხვის დიდოსტად, მსახიობად იცნობენ, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ელდინო საღარაძე პირველი პროფესიით ქიმიკოსია და ერთ დროს პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა ამ მიმართულებით. შემდეგ ნაოცნებარი ახდენია და სცენაზე გადაუნაცვლებია, თავისი პედაგოგიური ღვაწლიც ამ სფეროში გადმოუტანია.
არ უყვარს საკუთარ პერსონაზე საუბარი. “საქმემან შენმა გამოგაჩინოსო, ხომ იცით?!–” მეუბნება ღიმილით.
მასთან ინტერვიუზე მისულს მის მყუდრო სახლში ასეთი სურათი დამხვდა:
მისაღებში მრგვალ მაგიდას შემომსხდარი უამრავი გოგო–ბიჭი მონუსხული შესცქეროდა პედაგოგს. მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა გადამდები ემოციის მატარებელი იყო. ცხადია, პოეზიასთან ზიარება, მეტყველების კულტურის განვითარება მოწაფეების აღზრდისას მასწავლებლის მჭრელი იარაღია, რომელიც ღირსეული პიროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება.
მისი აღზრდილები არიან საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
პოეტობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მისი პედაგოგიური თუ სამსახიობო მოღვაწეობა ერთი პატარა საგანძურია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ტყუილად არ მენიშნა შემოქმედთან მისი დიდი სულიერი კავშირის შესახებ. მას უსაქმოდ ვერ ნახავთ, საოცარია, რომ მისი “ჯადოსნური” ხელების მოძრაობას ერთნაირად შეუძლია ბევრი სასიკეთო საქმის კეთება როგორც ფურცლიდან, სცენიდან თუ საკუთარ აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს, ასევე საოჯახო საქმიანობისას, ხელსაქმის დროს. ამ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ მის მიერ დაწყებულ საქმეში ერთნაირად გაგვაკვირვოს საკუთარი ნიჭიერებით.
ყველა საქმეს დიდი გულმოდგინებით ეკიდება და შედეგი გასაოცარია. პოეტის გარდერობში ინახება საკუთარი საღამოებისათვის თავისი ხელით შექმნილი ბევრი სასცენო კოსტიუმი.
ის მალე დიდი დედა გახდება. მის ოჯახს – მეუღლეს, ქალიშვილებს, სიძეებს და შვილიშვილებს მალე შვილთაშვილი შეემატება.
– როგორ მოხდა, რომ ქიმიიდან სცენაზე გადაინაცვლეთ?
– ო, ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა (იცინის). მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სკოლაში სულ სცენაზე ვიყავი (მხედველობაში მაქვს სასკოლო ლიტერატურული თუ საიუბილეო საღამოები) და ყველა ხედავდა ჩემში მომავალ მსახიობს, მაგრამ მამის უშუალო ჩარევითა და გადაწყვეტილებით ქიმიის ფაკულტეტზე შევედი (მაშინ ქიმიკოსობა საკმაოდ პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა). არ იფიქროთ, მამა მონსტრი იყო ოჯახში და ყველას თავის ჭკუაზე გვატარებდა. არა, მე მაშინ არც კი შევწინააღმდეგებივარ, გააზრებული არც მქონდა ჩემი უსცენობის ტრაგედია. ეს საშინელება მაშინ დაიწყო, როცა მე კოლბების, სინჯარებისა და „რეტორტების“ გარემოში აღმოვჩნდი და თავზარი დამეცა. ღამეებს ტირილში ვატარებდი. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, შეცდომა გამომესწორებინა და მომავალ გაზაფხულზევე ჩუმად ჩამებარებინა თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ მშობლების განაწყენებას ვერ დავუშვებდი, თანაც უკვე შეყვარებული გახლდით ჩემს მომავალ მეუღლეზე – თანაკურსელ რამაზ საღარაძეზე და ვიყავი ასე – გახლეჩილი სურვილსა და მოვალეობებს შორის. მოსახდენი მაშინ მოხდა, როცა მე უკვე ქიმიის მასწავლებელი, გათხოვილი ქალი და ორი შვილის დედა ვიყავი. ახლა, როცა ჩემი ყველაზე მთავარი თვისების (ცოდნისმოყვარეობის) წყალობით სულიერი განვითარებისთვის საჭირო უამრავ თეორიას გავეცანი, უკვე ახსნადია ყველა ჩემი მენტალური და სულიერი ნახტომი. საქმე ისაა, როცა რაიმე ძალიან გინდა და ეს სურვილი სულაც არ ეწინააღმდეგება სამყაროს (ღვთაებრივ) კანონზომიერებებს, პირიქით, შენი პიროვნული მისიის შესრულება ამ სურვილის ასრულების გარეშე შუძლებელია, მაშინ “იქ” გეხმარებიან და გახვედრებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სურვილის ასრულებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ. ასე “გაჩნდნენ” ჩემს ცხოვრებაში არაჩვეულებრივი ქალბატონები: შუშანა ლასხიშვილი (ლიტერატურის მასწავლებელი), ცირა ქიტიაშვილი (მსახიობი და ცნობილი საბავშვო პოეტი) და ესმა ახალკაცი (მსახიობი, საესტრადო სასწავლებლის სასცენო კითხვის პედაგოგი).
ერთ დღეს ქ–ნი შუშანა სკოლაში გახარებული მოვიდა და პირდაპირ მე მომმართა: იცი, სასცენო კითხვაში მასწავლებელთა შორის რესპუბლიკის მასშტაბით კონკურსი იმართება და ახლავე უნდა გაიქცეო. კონკურსის უკვე მეორე ტურს დავესწარი, დღეს მესამე ტურია, მაგრამ წერილს გაგატან კონკურსის თავმჯდომარესთან და უსათუოდ მოგისმენენო (აი, კიდევ ერთი “დახვედრებულითაგანი”- პოეტი ნელი გაბრიჩიძე). გაკვეთილებიდან მომხსნეს და პიონერთა სახლში “მიბრძანეს გავარდნა”. დარბაზში რომ შევიპარე ფეხაკრეფით, იქ უკვე ყველაფერი მთავრდებოდა. სცენაზე კონკურსის ბოლო მონაწილე იდგა. წერილის შესახებ პირველსავე შემხვედრ ქალბატონს ვუთხარი –კონკურსის დამგეგმავს და მომწყობს – ცირა ქიტიაშვილს, მან კი ჟიურის თავმჯდომარე – ნელი გაბრიჩიძე დამანახა, რომელიც შედეგებს აჯამებდა. ბარათი მივაწოდე, ძალიან შეწუხდა: უკვე ყველაფერი დამთავრდა, აქამდე სად იყავიო, მაგრამ ეტყობა, წერილის ავტორს დიდ პატივს სცემდა, ჟიურის წევრებს მიმართა, მე დამდეთ პატივი და ამ გოგონას მოუსმინეთო (ყველა უკვე ძალიან დაღლილი იყო). უკვე დასაშლელად გამზადებული დარბაზი დაწყნარდა და მე სცენაზე ავედი. ეს წუთი აღმოჩნდა დიდი გარდატეხის დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში. მე ძალიან დიდხანს ვკითხულობდი, რა თქმა უნდა, მათი თხოვნით. ჟიურიმ გადაწყვეტილება შეცვალა, ლაურეატი მე გავხდი, გადანაწილდა პირველი, მეორე, მესამე ადგილები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო, ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ ჩემი ქიმიაში დატოვება დანაშაული იქნებოდა. ჩემთვის ინსტიტუტი უკვე დაგვიანებული იყო, უკვე ოცდარვა წლის გახლდით, ორი შვილის დედა, რძალი, მეუღლე. ეს დიდი დაბრკოლებები იყო თატრალურ ინსტიტუტში სწავლისთვის. ეს ქ–ნმა ბაბულია ნიკოლაიშვილმა, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორმა აუხსნა ჟიურის, მაგრამ აქ ჩაერთო ქ-ნი ესმა ახალკაცი წინადადებით, რომ საესტრადო სასწავლებელში წამიყვანდა, ჩემს თავს უჩვენებდა დირექტორს – ბ-ნ გივი სერგიას, სამხატვრო ხელმძღვანელს – ბ-ნ გაიოზ ქართველიშვილს და ერთად გადაწყვეტდნენ, როგორ დამხმარებოდნენ. უმაღლესი განათლება უკვე აქვს, მხოლოდ პროფესიული დაოსტატება დასჭირდებაო. მომდევნო დღეებში ეს შეხვედრაც შედგა. ხსენებულმა ბატონებმა დიდი სითბოთი და გულისხმიერებით მიმიღეს, ჩამრიცხეს თავისუფალ მსმენელად მეორე კურსზე, გაზაფხულზე კი მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ უკვე მესამე კურსის სტუდენტი გავხდი. მამათილი – უნივერსიტეტის პროფესორი, ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე გრიგოლ საღარაძე და მეუღლე ამავე კათედრის თანამშრომელი რამაზ საღარაძე სრული გაგაგებით მოეკიდნენ ამ ცვლილებას და დაიწყო სრული “საგიჟე” ჩემს ცხოვრებაში.
მე ხშირად მიფიქრია: რა მოხდა? და პასუხი სამყაროს “კომპიუტერის” ფილოსოფიაში რელიგიური სენტენციებით მიმიღია: “ითხოვეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ”. როგორ ვითხოვდი, როგორ ვაკაკუნებდი? მთელი ჩემი ცხოვრება სულ სცენაზე ვიდექი და ლექსს ვკითხულობდი (რა თქმა უნდა, წარმოსახვაში, თორემ სინამდვილეში ვალაგებდი, ვრეცხავდი, სადილს ვამზადებდი და სულ ლექსით… ლექსით…) აი, ასე ვაკაკუნებდი და ვითხოვდი (თურმე) და მომეცა! მადლობა უფალს!
ქალბატონი ესმა ჩემი პედაგოგი გახდა. ეს იყო დაუვიწყარი გაკვეთილები, საათს მხოლოდ იმისთვის დავხედავდით, რომ ბავშვების გამოყვანა სკოლიდან და საბავშვო ბაღიდან არ დამგვიანებოდა. ვმუშაობდით ყოველდღე, ყოველგვარი სასწავლო ცხრილების გარეშე. უფლება მქონდა, დავსწრებოდი სასცენო მოძრაობისა და ვოკალის ნებისმიერ გაკვეთილს, რომელსაც და როდესაც მოვისურვებდი. იმ ხანებში ქ-ნი ცირა ფილარმონიაში გადაიყვანეს რეჟისორად და მაშინვე მოასმენინა ჩემი კითხვა სამხატვრო ხელმძღვანელს -ბ-ნ არჩილ ჩხარტიშვილს და დირექტორს, ბ-ნ დორიან კიტიას და მე, ჯერ კიდევ სტუდენტი, უკვე ფილარმონიის სოლისტი გავხდი. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბ-ნ გურამ საღარაძის, ტარიელ საყვარელიძის, ქ-ნ ზინა კვერენჩხილაძის და სხვა ვარსკვლავების გვერდით აღმოვჩნდი სცენაზე. ეს უკვე ნამდვილი სასწაული იყო!
– რატომ სასაცენო კითხვა და არა თამაში?
– ახლაც ხშირად დავფიქრდები ხოლმე, ნეტავ ლიტერატურა უფრო მიყვარს თუ სასცენო ხელოვნება. პასუხი: 50/50. ჩემთვის თამაში რომ უფრო სასურველი ყოფილიყო, ალბათ ამ „კარზე კაკუნს“ გავააქტიურებდი (ეს ხომ ქვეცნობიერად ხდება) და ამ კარს „გამიღებდნენ“ „იქ“, „ზემოთ“. მაგრამ პოეზიის, ზოგადად, ლიტერატურის გარეშე არ შემეძლო. ეტყობა, ამ „კარზე კაკუნი“ ახლა სცენიდან გავაგრძელე და ახალი „კარიც გაიღო“. დაიბადა საკუთარი პოეზია. უკვე ორი პოეტური კრებულის ავტორი გახლავართ -“რა გესაქმება, სიყვარულო დედამიწაზე“ და “ცეკვა ქარებთან“.
– თქვენი ლექსები ძალიან დატვირთულია მძაფრი ემოციებით. ამას, ალბათ, ტრაგიკოსი მსახიობის ამპლუა განაპირობებს. მსუბუქი, ხალისიანი ლექსი არ გეწერებათ?
– როგორ არა, აი, ნახეთ! „ სატრფიალო ლირიკის ალტერნატივა“. ეს ლექსი მეუღლეს მივუძღვენი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად. ყველამ, ვინც წაიკითხა, ზუსტიაო, თქვა. ე.ი. ყველას განცდისა და მოსაზრების გადმოცემა მოვახერხე.
– პედაგოგობას მაინც ვერ ასცდით, რით იყო ეს განპირობებული?
– ხშირად მიფიქრია: რა უფრო ძვირფასია ჩემთვის – სცენა თუ გაკვეთილი? პასუხი მეორის სასარგებლოდ გამიცია. თანაც გაკვეთილს ერთი პატარა საიდუმლოც აქვს. ეს სადუმლო ჩემმა სულკურთხეულმა მასწავლებელმა ესმა ახალკაცმა გამიმხილა: “ იცი, ელდინ, თუ გინდა, პროფესიულ სიმაღლეებს შეწვდე, პარალელურად ამ სფეროში პედაგოგობა უნდა დაიწყო“ და თვითონ დამითმო თავისი საათები მაშინდელ რკინიგზელთა სასახლის თატრალურ სტუდიაში. მისი დამოძღვრა სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა, დღესაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ლიტერატურული მასალის ანალიზის დროს უამრავ პლასტს ვხედავ ( ბავშვები ძალიან საინტერესოები არიან, ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვიან, მე ვერც მოვიფიქრებ). თანაც მათთან ურთიერთობა მავალებს, მე თვითონ მარადიული მოწაფე ვიყო, ამიტომ ათას სამეცნიერო თუ ხელოვნების მოღვაწეთა თავყრილობებში დავრბივარ, რომ სულ შემეცნების რეჟიმში ვიყო. სხვანაირად საინტერესო არც ვიქნებოდი ჩემი მოწაფეებისთვის.
– რა ჰქვია იმ საგანს, რასაც თქვენ ასწავლით? უფრო სწორად-რას ასწავლით ბავშვებს?
– ეს საგანი სასკოლო სწავლების სტრუქტურაში არ არის. მე მათ სამყაროს ენაზე საუბარს ვასწავლი, პარარელურად ვსწავლობ კიდეც, მაგრამ, რა თქმა უნდა , კარგა მოზრდილი ნაბიჯებით ვუსწრებ მათ. ვცდილობ, ჩემი მოწაფეები სამყაროსეულ, ანუ ღვთიურ კანონზომიერებებში გავარკვიო, რათა თავიანთი შინაგანი “მე“ შესაბამისობაში მოიყვანონ ამ კანონზომიერებებთან, რადგან იქიდან ამოვარდნით იწყება წარუმატებლობა, ცხოვრების მოუწყობლობა, ავადმყოფობები და ათასი უსიამოვნება.
ჩემი ბერკეტებია: 1. ლიტერატურული კლასიკა, რადგანაც, მოგეხსენებათ კლასიკა-ეს მარადიული ღირებულებების სამსახური და მათი წარმოჩენაა. ამ ღირებულებების და ანტიღირებულებების გააზრებით და თავთავის ადგილზე დალაგების მცდელობით იწყება ინდივიდში ადამიანი. 2. მეტყველება. სიტყვაკაზმულ ფენომენთან რომ მიხვიდე და შემდგომში სხვასაც დაეხმარო ამ საქმეში, მეტყველება გჭირდება. დახვეწილი, სასიამოვნო, საინტერესო მეტყველება. ასე რომ მეტყველებისა და აზროვნების განვითარება პარალელური გზებია. ამას დაუმატეთ 3. რელიგია – სამყაროს კანონზომიერებებთან, უზენაესთან კონტაქტის უტყუარი საშუალება. ცნებებს – სიკეთესა და ბოროტებას ადამიანური თვალთახედვით თუ შევხედავთ, მავანი მოგვედავება: ეს შენ გგონია ასე, ჩემი თვალთახედვით კი შენგან სიკეთედ მიჩნეული ჩემთვის ბოროტებააო. აი აქ გვეხმარება ოთხთავი. იესოს პირით იქ თვით შემოქმედი გვესაუბრება. თვითონ იესო ხომ თავად უკიდეგანო ნათელი, თავის თავს მამისგან, ანუ შემოქმედისგან მოვლინებულად წარმოგვიჩენს. ამიტომ თუ სახარებისეულ ჭეშმარიტებაში ეჭვი შეგაქვს, ეს შენი პრობლემაა და არა სახარების. იქ აღიარებული ღირებულებების აღიარებით ადამიანს ძალიან ძლიერი მორალური საყრდენი ექმნება. ამ ღირებულებათა სისტემის წყალობით მოგვყავს შესაბამისობაში საკუთარი „მე -ები“ სამყაროსეულ, ანუ ღვთაებრივ კანონზომიერებებთან, მაგრამ მარტო აღიარება არაფერია, თუ მათ მიხედვით ცხოვრება არ დავიწყეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ინდივიდის გაადამიანების საქმეში. ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა ჩვენი კლასიკა: „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველების გააზრებას ქრისტიანობის უტყუარ არსთან მივყავართ (რა, ადვილია ქრისტიანობის არსის გააზრება?) მერე გურამიშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა ხომ გვირგვინია, საოცარი სიმაღლე და უკიდეგანო, ღვთაებრივი ქროლვაა სამყაროს კანონზომიერებათა სივრცეში. მე არ ვუშლი მშობლებს, დაესწრონ ჩვენს გაკვეთილებს. ყველას აზრი (გამონაკლისი გარეშე) ასეთია: „ეს ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, რა საწყენია, რომ მსგავსი არაფერი ხდება!“ მაგრამ ამისთვის კარდინალური სისტემური ცვლელებებია საჭირო პედაგოგთა აღზრდის საქმეში. სულ უმნიშვნელოს გეტყვით – მხოლოდ მეტყველება, ეს ხომ მინიმუმია ზემოხსენებულში, ესეც კი არ არის მოწესრიგებული. მხოლოდ „ლასის“ წარმოთქმის პრობლემაც კი საკმარისია, სასოწარკვეთილებაში ჩავარდე. აღარაფერს ვიტყვი იმ ცალკეულ შემთხვევებზე – „დებილო“, „დეგენერატოს“ ძახილზე, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ პედაგოგს საერთოდ არა აქვს გააზრებული, რომ თითოეულ მის მოსწავლეში ღვთის სულია ჩაბუდებული და იმ სულს პატივი უნდა სცეს. ის პატარა ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც მას დაბადებისას ეძლევა, მან უნდა გააღვივოს და ააბრიალოს. ამის გაუაზრებლობა პედაგოგის უსიყვარულობაში ვლინდება და ბავშვი ამას მშვენივრად გრძნობს. ამას მოსდევს უპატივცემულო დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ, უფრო საშინელებაც – უსიყვარულობა მოსწავლის მხრიდანაც. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე ვერ მიიღებს მასწავლებლისაგან ვერანაირ სწავლებას მათემატიკისა თუ გეოგრაფიის სფეროში.
– პოლიტიკურმა ძვრებმა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი განცდა გააჩინა, თითქოს დრო გადახტა. როგორ შეეგუეთ ამ ნახტომს?
– სწორი ბრძანეთ, ნახტომი ისეთი ელვისებური იყო, თითქოს დავიძინეთ ერთ და გავიღვიძეთ მეორე ქვეყანაში. როგორ შეიძლება, თავისუფალი სულის ადამიანი მისტიროდეს იმას, რაც იყო, მაგრამ ღირებულებათა რაღაც სისტემა მაინც არსებობდა. ჩვენ ერთბაშად მოვუსვით ხელი და სანაგვე ყუთში გადავუძახეთ ყველაფერი ძველი, თითქოს კაცობრიობის ისტორია 2003 წლიდან დაიწყო! აქედან გამომდინარე, ნაგვის ყუთში აღმოჩნდა ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა წინა თაობებმა სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს და გადმოგვცეს და ურომლისოდაც არ არსებობს კეთილშობილი, განათლებული, ზნეობრივი და თუნდაც მატერიალურით მინიმალურად მაინც დაკმაყოფილებული საზოგადოება. მე ღრმად მწამს, რომ რაც ხდება ერისა თუ პიროვნების (ერი ხომ პიროვნებებისგან შედგება ) სულიერში, ის ვლინდება მატერიალურში, ფიზიკურში. ამიტომ ამ ცვლილებას ვერ ვეგუები! იმის მაგივრად, რომ შეგვენარჩუნებინა ის ღირებულებები და წინ წავსულიყავით მათ გაძლიერებასა და ახლის გააზრება-შესისხლხორცებაში, ჩვენ ყველაფერი მოუსავლეთში მოვისროლეთ!
უფლისათვის ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია! რამდენად აქვთ გააზრებული ეს მათ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებას წარმართავს, თავად განსაჯეთ. ადამიანი ჯერ კიდევ ღირსებააყრილი, ღატაკი – სულიერად და მატერიალურად და დაუცველია.
– გამოსავალს რაში ხედავთ?
– მხოლოდ ერთში – ჩვენი ცნობიერების შეცვლაში. შეიძლება იფიქროთ: აუჰ! დაიწყო ახლა მაღალი მატერიებითო, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ, არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ და რაშიც ღრმად დარწმუნებული ვარ. ისევ სახარებას დავესესხები: ამოიღე დირე შენი თვალიდან და ისე დაუწყე ძებნა ბეწვს სხვის თვალში. აქვე ქილონიც გავიხსენოთ: „შეიცან თავი შენი და შეიცნობ სამყაროს, შეიცნობ ღმერთს“. მე ვინ ვარ! საბრალო ელდინო საღარაძე! მათ მოვუსმინოთ: შენგან დაიწყეო! ჩემმა დიდმა მასწავლებლებმა (ისინი ძალიან ბევრნი არიან, მათ ჩამოთვლას ვერ მოვახერხებ), მასწავლეს: პრობლემა მექმნება ჩემი გამოსწორებისათვის (ეს არ შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ მათ ნაკლი არა აქვთ). ამიტომ ეს პრობლემა ჩათვალე ყველაზე დიდი მასწავლებლისგან, სამყაროს კანონზომიერებებისგან გამოგზავნილად იმ გააზრებით, რომ ის პრობლემა შენი რომელიღაც „ცუდი“ თვისებით შექმენი. იპოვე ის თვისება, გაიაზრე და დაიწყე მუშაობა მის საპირისპირო, ანტონიმურ ღირებულებაში გადმოსაზიდად. თუ იმ თვისებას არ გამოასწორებ და მატერიალურ დონეზე მოაგვარებ პრობლემას, ცოტა ხნის შემდეგ უფრო მწვავე სახით დაგიდგება ის და ა. შ.
ერთ ნაკლოვანებას რომ მოერევი, მერე მეორე პრობლემას გამოგიგზავნიან, რომ ახლა ამ ნაკლოვანებას მიხედო და საპირისპიროში გადმოზიდო. თანაც ამ მუშაობისას ყოველი ნაკლის გადმოზიდვის დროს დიდი ნათელი, ენერგია შემოდის შენში და ძლიერდები ახალი და ახალი ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის. დიდი სულიერი მამები უფალს ევედრებოდნენ, რომ მათთვის განსაცდელები გამოეგზავნა. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ სულიერი ზრდა მხოლოდ ამ ხერხით იყო შესაძლებელი.
მეორე, კიდევ აუცილებელი და ძალიან საჭირო რამ მასწავლეს: როცა შეგხვდება ადამიანი, უზრდელი, ხეპრე, შურიანი, მოძალადე, ამპარტავანი და ა. შ. ჩათვალე, რომ უზენაესმა წინ სარკე დაგიყენა, ოღონდ სულიერი სარკე, რათა ის თვისება შენში დაგენახა და ამით მოგეხმარა მათ აღმოჩენაში. თანაც დაუმატა: ნუ შეეცდები შენს შიგნით თავი გაიმართლო, მკაცრი და შემბრალებელი იყავი საკუთარი თავის მიმართ, ეს ხომ შენს სასიკეთოდ ხდება! ამიტომ იმ ვიღაცის განკითხვას კი ნუ შეუდგები, ისევ საკუთარი თავიდან დაიწყე, მას კი ნათელი გაუგზავნე და უფალს მადლობა უთხარი, რომ ის ადამიანი დაგიყენა წინ. გაიხსენეთ ქრისტიანული შეგონება: გიყვარდეს მტერი შენი (აი, თურმე რატომ უნდა მიყვარდეს, მე ის დამეხმარა!) თანაც მტერი შეუბრალებლად მოგახლის პირში საკუთარ ნაკლოვანებას, რომ წყენა მოგაყენოს. მოუხმე კეთილგონიერებას და გამოიყენე ეს შემთხვევა საკუთარი ცუდი თვისების დასანახად. კიდევ ერთი-ნუ განიკითხავ! (აბა რა! რა დროს სხვაზე მრისხანებაა, როცა თავი გყავს მისახედი!) და კიდევ ერთი, რაკი მრისხანება ვახსენე. არავითარი მრისხანება! მრისხანება მთლიანად ანგრევს და ანადგურებს, თუ რაიმეს მიაღწიე სულიერში (ფიზიკურადაც კი, რადგან ძალიან დიდი ენერგია მიაქვს შენგან). თან, პარალელურად, მიეხმარე სხვასაც საკუთარ თავზე სულიერ მუშაობაში! გაეცი უანგაროდ, ცოდნისა თუ ლოცვის სახით, რომ მას ნათელი მიეცეს, გახდეს უზენაესის ხატი და მსგავსი, შეძლოს სიყვარული და მსახურება უფლისა და მოყვასისა. თქვენ მე მკითხეთ, რაში ვხედავ გამოსავალს. გპასუხობთ: მხოლოდ ამაში! და ხელისუფლებაშიც ასეთი ადამიანები მოვლენ, იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს შორის მოხდება არჩევანი, დღეს კი ზუსტად ისეთები გვმართავენ, როგორებიც ჩვენ ვართ, არც უარესნი, არც უკეთესნი.
გაგახსენებთ ბიბლიის უამრავ ეპიზოდს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან: როცა ებრაელები ღმერთს დაივიწყებდნენ (ანუ ამოვარდებოდნენ მისი კანონზომიერებიდან), უფალი სასჯელად მეზობლად მცხოვრებ ტომებს შემოუსევდა ხოლმე. ასე ვლინდებოდა სულიერების დეფიციტი ფიზიკურში. ზუსტად ასეთი სასჯელის რეჟიმში ვიმყოფებით.
ირმა მირზაშვილი
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DHWktIGF-mA” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9S7TvFXdVjg” width=”560″ height=”315″]