მაია ომიაძე: B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური, სამდღიანი საერთაშორისო სამიტი „B2B Summit by Tarifa“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გლობალური გამოწვევების პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაია ომიაძის თქმით, სწორედ ამ მიზნით ადმინისტრაციამ უზრუნველყო სამიტის ორგანიზება, რომლის ფარგლებში ქართულ კერძო სექტორს მიეცა შესაძლებლობა, პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გაემართათ.
„B2B Summit by Tarifa“ საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შესაძლებლობაა გაეცნონ ახალ პარტნიორებს, მიიღონ ახალი წინადადებები, მოიზიდონ ახალი ჯგუფები და ჩამოიტანონ ახალი იდეები ქვეყანაში. ეს ბიზნეს ტურიზმის ერთ-ერთი მსხვილი კონგრესია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
სამიტის ფარგლებში საქართველოში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ. აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ეძებენ ახალ დანიშნულების ადგილებს და ამ პირობებში საქართველო პოზიციონირდება, როგორც ახალი და უსაფრთხო მიმართულება, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ ახალი ჯგუფების ჩამოყვანა“, – აღნიშნავს მაია ომიაძე.
„B2B Summit by Tarifa“-ს ფარგლებში საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან 50 საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ჩამოვიდა. ევროპული კომპანიების ხელმძღვანელები შეხვდნენ ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსა და სერვისის მიმწოდებლებს. სამიტში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა.