ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში დაგეგმილი ურბანული განვითარების პროექტის მიზანია მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების განახლება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს როგორც ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას, ისე მიმდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას.
საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე, იგეგმება ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.