დავით მათიკაშვილი – „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება – კარგად ნახონ და აღიქვან, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მთელი მსოფლიო, ერთადერთი მშვიდობის კუნძული არის საქართველო
“საქართველო, ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება – კარგად ნახონ და აღიქვან, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ერთადერთი მშვიდობის კუნძული არის საქართველო,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის იმ ჟონგლიორობის ნაწილი, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ის ძალები, რომელთაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ სურთ საკუთარი მიზნებისთვის.
„ეს არის იმ ჟონგლიორობის ნაწილი, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ის ძალები, რომელთაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ სურთ საკუთარი მიზნებისთვის, რომელიც 100%-ით არ შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიზნებსა და ამოცანებს.
საქართველოში ჩამობრძანებული იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისია, დაიდო დასკვნა, რომელმაც მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახა საქართველოში არსებული ვითარება. პირველად იყო დაგმობილი სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმა. ასევე პირველად იყო ევროპული წიაღიდან ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნათქვამი, რომ რეალურად დემოკრატიას ხელს არ უწყობს მანდატების გაუქმება და დიალოგის არწარმოება პარლამენტში. როგორც ჩანს, ამ ძალებმა ეს რაღაც საფრთხედ აღიქვეს და მყისიერად, უკვე მიკერძოებული ექსპერტის მიერ მომზადებული დოკუმენტით მოახდინეს ისეთი ფაქტების აღბეჭდვა, რომელიც ასიმეტრიულად აცდენილია რეალობას და კონკრეტული დათქმების გარდა, წარმოადგენს სრულ ტყუილს.
შესაბამისად, ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი რადიკალური ოპოზიციისა და პარტიული პროპაგანდისტული მედიის მიერ ატაცებული თემა, რაღაც ფსევდო-სასამართლო დავებსა და სასამართლო საფრთხეებზე. ნურავინ ნუ აშინებს ქართველ ხალხს და ნუ ახდენს შანტაჟს საქართველოზე. საქართველო, ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება და კარგად ნახონ და აღიქვან, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ერთადერთი მშვიდობის კუნძული არის საქართველო. საქართველოში ეს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა იმიტომ არსებობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და არ ექვემდებარება შანტაჟს და ზეწოლას, რომელიც, სამწუხაროდ, მოედინება ჯერ კიდევ იმ ძალებიდან, რომელთაც თვალში ვეჩხირებით, დაბალი ღობე ვგონივართ და არ სურთ საქართველოში ამ ვითარების კვლავ გაგრძელება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.