სოფიო ასპანიძე – პატრიარქზე: პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით; ამჟამად, იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში
“პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირების, ანუ შეჩერებისთვის”, – ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, პატრიარქი ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
“ამჟამად, პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის საყურადღებო, არასტაბილური, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ აბსოლუტურად ხდება პაციენტის მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილურება. სისხლდენის შესაჩერებლად პაციენტს ჩაუტარდა ენდოსკოპიური პროცედურა. შესაბამისად, მოხდა სისხლდენის შეჩერება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ესაა ინტუბირებული მდგომარეობა. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია. პაციენტმა მოგვმართა დაახლოებით ღამის სამი საათისკენ. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დავასტაბილუროთ“, – განაცხადა სოფიო ასპანიძემ.