სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის 2026 წლის სამიტში (GRAS 2026) მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტში, რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს მიეძღვნა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში განხილული იყო გზების მშენებლობის თანამედროვე მიდგომები და ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის გრძელვადიან გამძლეობას, ეკონომიკურ ეფექტიანობასა და გარემოსდაცვით მდგრადობას. ღონისძიების მონაწილეებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ორგანიზაციის “Rubberized Asphalt Foundation” საბჭოს თავმჯდომარემ და წევრებმა გაუზიარეს მრავალწლიანი გამოცდილება რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიების კვლევის, განვითარების და პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით.
სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვა უმნიშვნელოვანესია ცირკულარული ეკონომიკის წახალისების თვალსაზრისით. ცირკულარული ეკონომიკა კი საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტია.
„ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევქმენით მოდელი – „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“, რომლის ერთ-ერთი რეგლამენტი სწორედ ნარჩენი საბურავების მართვას ეხება. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის საბოლოო დაძლევაც სწორედ რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის წარმოებითაა შესაძლებელი. საქართველოს განსაზღვრული აქვს ნარჩენების მართვის თანმიმდევრული პოლიტიკა. გვაქვს ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა. ამ ღირებულებათა ჯაჭვში, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ გადამუშავების ციკლის გაძლიერებაა, რასაც აღნიშნული პროექტი ხელს ნამდვილად შეუწყობს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა და დასძინა, რომ ნებისმიერ მწვანე ინიციატივას, რომელიც ასევე ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა.
კონფერენციის ორგანიზატორთა განმარტებით, ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან დისკუსიების მიზანია ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა და ქვეყნისთვის მდგრადი, გამძლე და გარემოს დაცვის მიმართულებით პასუხისმგებლიანი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების განვითარებაში წვლილის შეტანა.
საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის 2026 წლის სამიტი ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ორგანიზებითა და საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორის – Rubberized Asphalt Foundation (RAF)-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები.