პოეზია – გზა საქართველოსკენ

           ლანა მანველი თელავში, თელავის თეატრის მსახიობების გარი მანველის და რუსუდან თინიკაშვილის ოჯახში დაიბადა. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი – ისტორია-სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – კინო-ტელე ჟურნალისტიკის სპეციალობით. პროფესიით კინომცოდნე. პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი.

– როგორც ვიცი თეატრმა შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა…
– თეატრალურ გარემოში გავიზარდე და, ალბათ, გასაკვირი არც არის. თეატრით ვცხოვრობდი და ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ემოციურად დამტვირთა, მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი. თეატრში თუ სპექტაკლი იდგმებოდა, მთელი ღამე ვფიქრობდი, რომ მთავარ როლს მე ვთამაშობდი. ხან სარკესთან ვიჯექი და ტრაგედიებს ვწერდი. მშობლებს გასტროლებზე, ძირითადად, ჩემი ძმა დაჰყავდათ, მე მხოლოდ – ადგილობრივ სპექტაკლებზე და ჩემთვის ეს ტრაგედია იყო.
– ხშირად ამბობ, რომ ბავშვობა ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო…
– ბედნიერი და საუკეთესო პერიოდი მქონდა. თეატრის გარდა ბავშვობის კიდევ ერთ ნათელ წერტილად ბებია ელენე დამრჩა, რომელთანაც ბავშვობის ძირითადი წლები გავატარე და რომელმაც კითხვა შემაყვარა. წიგნი ჰქონდა „კეთილი ადამიანები“. ხშირად, ამ წიგნიდან მიყვებოდა სევდიან ისტორიებს ადამიანებზე. თავად ბებია  სევდიანი არ იყო, მაგრამ მე შეუმჩნევლად ჩამომაყალიბა მგრძნობიარე ადამიანად. ჩემი ბავშვობა ბებოს სახლში დარჩა.
მე ბავშვობაშივე,  როგორც კი ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, გამიჭირდა დიდობა. მაშინ შეიცვალა ჩემთვის სამყარო. დარდიანი და მეოცნებე გავხდი. თუმცა, შეიძლება თავიდანვე რაღაც დოზით მაინც მქონდა მარტოსულობა და სევდა ხასიათში. ამ ამბავმა კი ნაადრევად გამოკვეთა.
– პირველი შეხება ხელოვნებასთან…
– მუზა ჩემთან ბავშვობაშივე მოფრინდა, წერა-კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა, თუმცა იმდროინდელი აღარაფერი მაქვს. მაშინ რვა წლის ვიყავი. ბებოსთან ვიყავი სახლში და ავტობიოგრაფიულ წიგნს ვკითხულობდი. გადავწყვიტე, მეც დამეწერა ჩემი ავტობიოგრაფია. ნახევარი გვერდი გამოვიდა და ვთქვი: მოდი, ჯერ ვიცხოვრებ კიდევ და მერე გავაგრძელებ….
მეორე კლასში ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავწერე. ჩემი ძმა ფორტეპიანოზე უკრავდა და უცებ მომივიდა მუზა. დედაჩემმა მკითხა: ეს შენ დაწერე? მეწყინა და დავხიე. მერე დიდხანს არაფერი დამიწერია.
– ახლა ხუთი წიგნის ავტორი ხარ…
– დიახ. გაგაცნობთ, ესენია – ლექსების კრებული „ამ გზას არ მივყავარ საქართველოში“; მოთხრობების კრებული „აილინი“ ; ნარკვევი „თურქული კინოს ისტორია 1914-1988 წლებში“. ნაშრომში განხილულია თურქული კინოს დაბადებისა და განვითარების გრძელი გზა 74 წლის განმავლობაში; ლექსები – თარგმანები „ჩემი სულის ანაბეჭდი“; ინტერნეტისტორიები „ვირტუალური ურთიერთობები“, რომელიც 38 ვირტუალურ ისტორიას აერთიანებს. მეექვსე წიგნად დავასახელებდი თურქი კლასიკოსი მწერლის რეშათ ნური გუნთექინის რომანის „ნარჩიტას“ ჩემეულ თარგმანს, რომელიც შარშან გამოიცა. ძალიან მიყვარს ჩემი წიგნები, მათაც შვილებივით სჭირდებათ მოვლა-პატრონობა.
– წერ პიესებს და ორი პიესა დაიდგა უკვე…1381556_754798361235885_8281820921284517226_n
– პირველი პიესა „ბედნიერების დღე“ ჯერ თეატრმცოდნემ და რეჟისორმა გიო სურამელმა თბილისის მეოთხე საჯარო სკოლაში დადგა, ხოლო შემდგომ რეჟისორმა ვეფხვია გორგოძემ – ახალგაზრდულ თეატრ „ფიროსმანში“. პიესა აფხაზეთის თემას უკავშირდება. მეორე პიესა „მე შენ სიცოცხლეს გაჩუქებ“ რუსთავის თეატრ „ბრავო“-ში რეჟისორმა სანდრო სანდომისაშვილმა დადგა.
ამ პიესის დაწერის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის წიგნი „წერილი არდაბადებულ შვილს“ წავიკითხე. იდეა ასე დაიბადა, თუმცა ჩემს პიესაში მთავარი გმირის გადაწყვეტილებაა სიცოცხლის გაგრძელება და შვილის გაჩენა.
– რა პერიოდში შეიქმნა ეს ყველაფერი, ანუ როდის დაიწყე სერიოზულად წერა?
– სტამბოლში, უცხო გარემოში, თურქულ ოჯახში მოხვედრამ, საქართველოდან შორს ყოფნამ გამოიწვია, რომ კალამი ავიღე. ძალიან მიჭირდა იქ ცხოვრება. გარეთ გასვლის სურვილიც არ მქონდა. ჩემში ჩავიკეტე და ერთიანად ამოხეთქა მარტოობამ. მკითხველიც კი არავინ მყავდა. ჩემი ლექსების მკითხველიც მე ვიყავი. ამან ცოტა გამიადვილა ცხოვრება. ფაქტობრივად ეს არის ლექსად დაწერილი მოგონებები.
– რატომ დაუკავშირე შენი ბედი უცხო ეროვნების ადამიანს და როგორ შეხვდა შენი ოჯახი ამ გადაწყვეტილებას?
– სტუდენტი ვიყავი. სტუდქალაქში ვცხოვრობდი. ზაფხულში სამუშაოდ ჩემი მეუღლის კაფეში მივედი. მალე მთხოვა ხელი. თავიდან უარი ვუთხარი. მაშინ, ჩვენ, სტუდენტები ხელმოწერებსაც კი ვაგროვებდით საქართველოში ჩამოსული თურქების წინააღმდეგ, თუმცა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემი ძმა უფრო ლოიალურად შეხვდა. დედაჩემს ძალიან გაუჭირდა, სულ მეუბნებოდა, ქართველი ქალი მუსულმანის ცოლობას სიკვდილს ამჯობინებდაო. ვფიქრობ, თუ ადამიანს უნდა, ბედნიერი იყოს, ნებისმიერ გარემოში იქნება.
– თელავზე მეტად თბილისი გიყვარს…
– ალბათ, იმიტომ, რომ თელავში დავქვრივდი. 20 წელი ძალიან ცოტაა ასეთი ტკივილისთვის. უცბად, თითქოს ფრთები შემეკვეცა.  2 წლის შვილთან ერთად მარტო დავრჩი. ზღაპარივით სიყვარული მქონდა, რომელიც მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა. ორ წელიწადში თითქოს მთელი ცხოვრება ვიცხოვრე. დაკარგვის შემდეგ გავაცნობიერე, როგორი დიდი სიყვარული დავკარგე.
– თურქეთში რვა წელი იცხოვრე. რა მოგცა ამ ქვეყანამ?
– ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ მაინც სხვისია. ხალხიც ძალიან თბილია, სტუმარი უყვართ. მაგრამ მენტალიტეტი, ფასეულობები და რელიგია ჩვენგან განსხვავებული აქვთ. ხშირად ცდილობდნენ ქალები თავს მოეხვიათ თავიანთი შეხედულებები,ადათ -წესები. მელაპარაკებოდნენ რელიგიაზე, მაგრამ მე არ მიყვარს ამ თემაზე კამათი. ვთვლი, რომ ღმერთი ერთია.
ჩემი მეუღლისგან არ ყოფილა ზეწოლა, რომ მუსულმანი გავმხდარიყავი. ელოდებოდა, რომ თანდათანობით შევიცვლიდი აზრს, მაგრამ უშედეგოდ.
– შენ პირველი ხარ ვინც თურქული კინოს ისტორიით დაინტერესდი…
– თურქეთში გავიცანი კინომცოდნე და მწერალი აგაჰ ოზგუჩი, რომელსაც აქვს ოთხტომეული თურქული კინოს შესახებ – ყველა მსახიობის, რეჟისორის ბიოგრაფია. ძირითადად, მისი მასალები გამოვიყენე ჩემს წიგნში. საერთოდ, ყველა ქვეყანაში კინოს აქვს მიმდინარეობები, თურქულ კინოს კი პერიოდები აქვს. მთელი მსოფლიო ბაძავს კინემატოგრაფიაში ერთმანეთს. თურქულ კინოშიც ასეა, თუმცა მაინც ეროვნული გზით განვითარდა. საკუთარ სინამდვილეს დაუბრუნდა და თავის სიტყვას ამბობს. საინტერესო კულტურაა. საერთოდ, სამწუხაროა, რომ ქართველები და თურქები ძალიან ცუდად, ზედაპირულად ვიცნობთ ერთმანეთის კულტურას. ორჰან ფამუქმაც ყურადღება მხოლოდ იმიტომ მიიპყრო, რომ ნობელის პრემია მიიღო. ჯობს მეტი უცნობი ავტორი ითარგმნოს.
– ლიტერატურული თარგმანი ძალიან რთულია. რა თარგმნე ბოლო პერიოდში და რის მიხედვით არჩევ მწერლებს?
– ბოლოს თანამედროვე თურქი მწერლის ჯეზმი ერსოზის ორი ნოველა „მონატრება“ და „ნდობა“ ვთარგმნე. ამ მწერალთან ქართველი მკითხველის შეხვედრა ცნობილი ლიტერატურული ჟურნალის საშუალებით მოხდა. ვირჩევ ისეთ მწერლებს და ნაწარმოებებს, რომელთა პრობლემატიკაც ახლოს არის ჩემს სულთან, სხვანაირად გულს ვერ დავუდებ და ეს თარგმანსაც შეეტყობა.
– დაბრუნდები სტამბოლში საცხოვრებლად?
– სამი ქალიშვილი მყავს. ჩემთან ახლა მხოლოდ ნილიტა დარჩა. ასე მოხდა, გერდა სტამბოლში გათხოვდა. ელენეც ახლა იქ სწავლობს. ვცდილობდი უფრო ქართული კულტურა მიმეწოდებინა ელენესთვის, მაგრამ არ გამოვიდა. გული მწყდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩარევა არ ღირს. ალბათ, ახლა მეც მათთან უნდა ვიყო, მაგრამ არ შემიძლია. თურქეთში ერთადერთი ადგილია, სადაც შევძლებდი ცხოვრებას – სტამბოლის ერთ-ერთი რაიონი ბეიქოზი. ეს ადგილი ძალიან მაგონებს ძველ თბილისს.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები