CNN: ირანი სპარსეთის ყურეში ტანკერებისა და გემებისთვის უსაფრთხოების საფასურის დაწესებას გეგმავს
ირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების კუთვნილი ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის უსაფრთხოების საფასურის დაწესებას გეგმავს,- ამის შესახებ CNN-მა ირანში ქვეყნის ხელმძღვანელობის გეგმებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა.
არხის წყაროს ცნობით, ჰორმუზის სრუტე “დაკეტილია”, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპირისპირო განცხადებებისა.
„ჩვენ გვაქვს ნავთობის გლობალური ფასების რეგულირების ბერკეტი და აშშ-ს დიდი ხნის ლოდინი მოუწევს, სანამ ჩვენ ფასების რეგულირებისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ. ფასები არასტაბილური გახდა და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ტრამპი დამარცხებას არ გამოაცხადებს“, – განაცხადა წყარომ.
თავის მხრივ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წარმომადგენელმა სარდარ ნაინიმ აღნიშნა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ის პარტნიორებს რეგიონიდან “ერთი ლიტრი ნავთობის” ექსპორტის უფლებას არ მისცემს. იგი მიიჩნევს, რომ მათი მცდელობები ნავთობისა და გაზის ფასების შემცირებისა და კონტროლის შესახებ უშედეგო იქნება.
ინფორმაციისთვის, ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20%-ს და გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის 30%-მდე მარაგს ამუშავებს. ომის დაწყების შემდეგ ირანმა მის ბლოკირებაზე განაცხადა. სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეჩერებამ ნავთობის ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია.
ამასთან, 9 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი და მისი მოკავშირეები ემზადებიან „თავდაცვითი“ მისიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების ხელახლა გახსნას.