თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მწუხარებას გამოთქვამს კონსერვატორიის ემერიტუსის, მევიოლინის და პედაგოგის – ერნსტ არაქელოვის გარდაცვალების გამო

Screenshot

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმი, კონსერვატორიის ემერიტუსი, მევიოლინე, პედაგოგი ერნსტ არაქელოვი. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერნსტ არაქელოვი დაიბადა ბაქოში 1937 წელს და იქვე მიიღო მუსიკალური განათლება. ერევანში დაამთავრა კონსერვატორია და გაიარა ასპირანტურაც.
წლების განმავლობაში იყო თბილისის კონსერვატორიის სიმებიანი მიმართულების ხელმძღვანელი. იგი პარალელურად ასწავლიდა ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“, სადაც 2013 წლიდან იყო სიმებიანი საკრავების განყოფილების ხელმძღვანელი, 2006 წლიდან ასწავლიდა თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში, 2009 წლიდან კი მანანა დოიჯაშვილის სახელობის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში.
მან აღზარდა მევიოლინეებისა და ალტისტების რამდენიმე თაობა, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები არიან და დღეს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებში მოღვაწეობენ.
ბატონი ერნსტი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, სოლო და კამერული მიმართულებით.
1998 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, ხოლო 2017 წელს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.
2012 წელს გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის ოქროს მედალი კულტურული ურთიერთობის დამყარებისთვის. ასევე 2017 მიენიჭა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორის წოდება სავიოლინო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
2024 წლიდან გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი.
იგი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იყო, თავად მართავდა მასტერკლასებს და ღია გაკვეთილებს.
მას ხშირად უწოდებდნენ „კულტურის ელჩს ამიერკავკასიაში“ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კულტურული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის..

◾️ერნსტ არაქელოვის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 10 და 11 მარტს, 17:00-დან 20:00 საათამდე, მისამართზე:  თბილისი, ტარას შევჩენკოს ქუჩა №1, სადარბაზო 2, სართული 8, ბინა 60ა.
◾️გამოსათხოვარი პანაშვიდი გაიმართება 12 მარტს, 12:00-დან 14:00 საათამდე,
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში.
◾️დაკრძალვა გაიმართება 12 მარტს, 14.30 საათზე, ხოჯივანქის პანთეონში — სომხურ მემორიალურ სასაფლაოსა და არქიტექტურულ კომპლექსში, მისამართზე: თბილისი, ავლაბარი, საინგილოს ქუჩა №10.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები