რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც კრემლის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, უკრაინაში სამშვიდობო პროცესი და ვენესუელა განიხილა.
„აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ სიტუაციაზე და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
საუბრის დროს პუტინმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებული უთანხმოების პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებას და ამ საკითხთან დაკავშირებით ტრამპს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
თავის მხრივ, ტრამპმა მოვლენები ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის კონტექსტში შეაფასა.
ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინაში სამშვიდობო პროცესი. რუსეთის პრეზიდენტმა შეაქო აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევა და ისაუბრა შეხების ხაზზე არსებულ ვითარებაზე. ამერიკელმა ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი სწრაფად მოგვარდება.
გარდა ამისა, მათ განიხილეს ვენესუელა, მათ შორის გლობალურ ნავთობის ბაზარზე არსებული ვითარების კონტექსტში.
საუბარი ამერიკელი ლიდერის ინიციატივით შედგა. ის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ორმა კოლეგამ ერთმანეთთან რეგულარული კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა. უშაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ საუბარს პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება.