ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ა. ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეთადონი“, „პრეგაბალინი“, „ექსტაზი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.