ლევან მახაშვილი: ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა – მიწა ხარ და მიწად იქეცი, თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო
“ოპოზიცია თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, თითქოს, სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციომალური მოძრაობა“ არიან”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ერთ იდეოლოგიას, ერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნიან.
„ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა – მიწა ხარ და მიწად იქეცი, თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო. მოჩვენებითი წარმოდგენა იყო, თითქოს, გასული იყვნენ თავიანთი დედა პარტიიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ყველაფერი კარგად გამოჩნდა. ისინი თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, საიდანაც თავის დროზე იშვნენ და სადაც მათი ადგილია იდეოლოგიურად. შეიძლება სხვაგან იყვნენ, სხვა სახელი ერქვათ, სხვა ფორმა ჰქონდეთ, მაგრამ ერთ იდეოლოგიას, ერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნიან. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, თითქოს, სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. ეს მოსაზრება გაერთიანებით თავად დაადასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ბელადომანიაა, განსაკუთრებით საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ამას ზოგიერთი აღიარებდა თუ არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო ამ პარტიის მამოძრავებელი ძალა, იდეის და სულის ჩამდგმელი. ამ ნაწილში მისი განცხადებაც ლოგიკურია.
ვინმე თუ თავს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილისგან განყენებულად და განდგომილად, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც აღიარებდა და რაღაცნაირად ეცდებოდა ამ პროცესისგან გარიდებას. ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. როგორც იტყვიან, სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს, მაგრამ ეს ფაქტია და ასეა. შეიძლება, ეს ადამიანი სხვანაირად პოზიციონირებდეს, მაგრამ იდეოლოგიურად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრი აღმოჩნდა. ისიც იმ ადგილს და ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც იდეოლოგიურად ეკუთვნის. რაც შეეხება „ლელოს“ და გახარიებს, სად არიან, რა უნდათ, საზოგადოებას რას სთავაზობენ? – არჩევნებს ხან ემიჯნებიან, ხან – არა, ხან უარს ამბობენ და შემდეგ ისევ შედიან. ეს პარტიებიც ამ დიდი იდეოლოგიის ნაწილი არიან, მაგრამ შეეცდებიან, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ – სადაც პოლიტიკურ საჭიროებას და ქულების დაწერის შესაძლებლობას დაინახავენ. ასე გააკეთებენ, ხან ზომიერებას ითამაშებენ, ხან კონსერვატორობას, ხან რადიკალობას. საზოგადოებას წარსულმა კარგად დაანახა, ვინ სად არის იდეოლოგიურად. რა შეცდომებიც დაუშვეს და რა გზაც გაიარეს, ისინიც რადიკალური იდეოლოგიის ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.