ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს: ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, გადაკვეთოს საზღვარი Menachem Begin-Taba border crossing 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით.
ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი: ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი; ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი. საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია. შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში (არის პირდაპირი რეისები). სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074;
იორდანიის შემთხვევაში Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო ავტომობილებისთვის – 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში გადავა 24/7 რეჟიმზე. ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხი საათია.
ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799;
ამ ეტაპზე, ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაკეტილია. გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე: https://www.iaa.gov.il/“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.