ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინამ მოახერხა არჩევნების ღირსეულად ჩატარება

 

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად რთული ვითარებისა, უკრაინამ მოახერხა ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარება. “მივესალმებით უკრაინაში წელს უკვე მეორე დემოკრატიული არჩევნების – საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. უკრაინელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის ერთობას და ევროპულ არჩევანს და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის აღსრულებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების ურყევი ნება, რაზეც თავად არჩევნების დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესი და მოსახლეობის მაღალი აქტივობაც მეტყველებს. სამწუხაროა, რომ ყირიმსა და სევასტოპოლში მთლიანად, ასევე დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს არ მიეცა საშუალება გაეკეთებინა არჩევანი და ამით საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა და ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა, უკრაინამ მოახერხა ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარება. მივესალმებით უკრაინელი ხალხის არჩევანს და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობას და ახლადარჩეულ რადას ერთიანი და ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინა მოახერხებს უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებას და თავს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები