ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კერძოდ, ორგანიზაციამ და ალექსანდრე ზიბზიბაძემ კომისიას მიმართეს საჩივრით, რომელიც „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“, ასევე მაუწყებლის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. მომჩივანის შეფასებით, „ტელეიმედი“ ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის შესახებ ავრცელებდა უზუსტო, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ამასთან, მომჩივანი „ტელეიმედისგან“ ითხოვდა პასუხის უფლებას, თუმცა, მაუწყებელმა აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილა.

„ComCom-ის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, გადაცემა ეხება ორგანიზაციის საქმიანობას, ასევე, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“ განაწილებას და თანხის გამოყენებას. ამასთან, სიუჟეტში გადმოცემულია „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები, და არა ფაქტები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნა. შესაბამისად, ComCom-მა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრები არ დააკმაყოფილა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები