„ნატო-ს სტანდარტების მისაღებად მზად ვართ; ჩვენი 9 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა მისიებში, სადაც ერთ-ერთი მოწინავე იყვნენ და მაღალი შეფასება ჰქონდათ” – ზარქუა
„ნატო-ს სტანდარტების მისაღებად მზად ვართ. ჩვენი 9 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა მისიებში, სადაც ერთ-ერთი მოწინავე იყვნენ და მაღალი შეფასება ჰქონდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ დოქტრინას გამოეხმაურა.
“წლებია, მხოლოდ დაპირისპირება და მიგიღებთ-არმიგიღებთ გვესმის. ამ დოქტრინამ ნატო-ს გაფართოებას წერტილი დაუსვა. ეს ჩვენთვის მაინც და მაინც კარგი ინფორმაცია არ არის, რადგან ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება კონსტიტუციაშიც კი ავსახეთ. რატომ? იმიტომ, რომ უსაფრთხოების ქოლგა გვქონოდა.
ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირს არ ჰყავს ლიდერი, რომელიც დღეს საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. საფრანგეთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც გერმანიასთან ერთად, ევროპის პოლიტიკას განსაზღვრავდა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამ ურეიტინგოს, საკუთარ ქვეყანაშიც და საგარეო ვექტორშიც როგორ ექცევიან, ევროპის უსაფრთხოებისთვის რისი მიღწევა უნდა შეძლოს. გერმანიის კანცლერის რეიტინგი 12 პროცენტამდეა. მერამდენედ ჩამოიშალა? პატივს არ სცემენ, რადგან საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არ არიან. ყველა ენერგორესურსი, რაც ევროპის უსაფრთხოებას ხმარდებოდა, ჩაუჭრეს და ამას თავადაც ხელი შეუწყვეს. დღეს რას ვხედავთ? დიდ უმუშევრობას, დაბალ ეკონომიკურ ზრდას, გერმანია მინუსებშია წასული და არანაირი სტრატეგია არ აქვთ, ხვალ-ზეგ კონკურენტუნარიანი როგორ გახდებიან. ეს მიიღეს ფონ დერ ლაიენების და კალასების არაკომპეტენტური პოლიტიკით. დონალდ ტრამპი თავის ქვეყანაზე ზრუნავს და სწორად აკეთებს, ასე იქცევიან პასუხისმგებლობიანი ლიდერები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის მიმართ კრიტიკას შეიცავს.