არჩილ გორდულაძე: გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან – გამოდის, რომ “ბიბისი” ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში
“როდესაც უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ პირდაპირ დავალებით და მართვით, “ბიბისი” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია იყოს დაზიანებული, რა თქმა უნდა, ქართულ სპეცსამსახურებს უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება და შედეგიც ვნახეთ. შედეგი არის ის, რაც ცნობილი იყო ისედაც საზოგადოებისთვის და საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არც კი დაუჯერებია, რომ 1930 წლის შემდეგ აკრძალული ნივთიერება საქართველოში მოხვდებოდა,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ში მიმდინარე გამოძიებამ გამოავლინა, რომ შსს-ს ისეთი ნივთიერება აქვს შეძენილი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება საჭიროების დროს და ეს ნივთიერება საქართველოს ისრაელმა მოაწოდა. გორდულაძის განცხადებით, გამოდის, რომ “ბიბისი” ისრაელს სდებს ბრალს აკრძალული ნივთიერების მიყიდვაში, რაც აბსოლუტური ნონსენსია.
“მნიშვნელოვანი ფაქტია, ისევ და ისევ ამ გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ შსს-ს შეძენილი აქვს ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც არსებობს სპეციალური საჭიროება, ძალადობრივი აქციების და მასების მართვის შემთხვევაში და ეს ნივთიერება მოწოდებული იყო ისრაელის მხრიდან. ახლა გამოდის, რომ ბიბისი თურმე ისრაელს ბრალს სდებს აკრძალული ნივთიერების საქართველოსთვის მიყიდვაში, რაც არის აბსოლუტური ნონსენსი, აბსოლუტური ტყუილი. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სპეცსამსახურებს და უცხოურ ძალებს ჰქონდათ სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოეწვიათ არეულობა, ხალხის ლეგიტიმური აღშფოთება, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზრდებოდა არეულობაში და აგენტურა მოვიდოდა ხელისუფლებაში. კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, გარედან დაფინანსებული პირები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ – ზუსტად იგივე, რაც იყო რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მოწამვლასთან დაკავშირებით, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს უკვე უმსჯელია, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ეჭამა, ჭამა და კარგად გახდა, შესაბამისად, ის არის პენიტენციურ დაწესებულებაში.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.