გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები მინისტრებს შორის.
„ასევე დაგეგმილია ჩემი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ის ფორმატია, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, სამომავლო პერსპექტივებს და შევაჯამებთ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.