“თბილისის ფინანსურ სამიტზე” საერთაშორისო ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას
22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით „თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართება. სამიტს დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.
„თბილისის ფინანსური სამიტის” მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიღებენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ფინტექ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტობირჟა – Bybit EU-ს აღმასრულებელი დირექტორი მაზურკა ძენგი, Ant International-ის ვიცე პრეზიდენტი ლეიმინგ ჩენგი, Eisele Capital-ის დამფუძნებელი დერეკ აიზელი, Paytm-ის დამფუძნებელი ვიჯაი შეხარ შარმა, Hivenet-ისა და Policloud-ის დამფუძნებელი დავიდ გურლე, Coinbase-ის უფროსი ოფიცერი ანუ ფანსი, Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაჯიო, Accel-ის პარტნიორი რაშიტ პარეხი და სხვა.
სამიტის გახსნითი ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება, პანელურ დისკუსიებს კი სასტუმრო „ტელეგრაფი” უმასპინძლებს.