“უკვე სასაცილოა ეს მავნებლობა, რასაც ისინი აკეთებენ და ტერმინ “რუსულის” ყველაფერზე გამოყენება არის, მავნებლობასთან ერთად, უჭკუობაც”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
აღნიშნულით ის განათლების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„თუ ვინმეს რაიმე ტიპის შენიშვნა, შესწორება, ან უკეთესი ხედვა აქვს ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და პარლამენტი, სადაც პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და საუბრობდნენ იმ რეფორმის გაუმჯობესებაზე.
ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან ღირსეული განათლების რეფორმა. სასკოლო გეგმის თავსებადობა არის პირველ რიგში ვისაც უნდა, რომ საზღვარგარეთ წავიდეს, თავსებადობას აფასებს ბოლონიის პროცესი და არა წლების რაოდენობას“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
ოპოზიცია ამჯერად განათლების რეფორმას უპირისპირდება. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მათი ოპონენტების კრიტიკა უარგუმენტოა, ამის გადასაფარად კი ოპოზიცია რეფორმას რუსულს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეფორმის მიზანი, ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღება და გამოწვევებთან გამკლავებაა და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, შესაბამისი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს.