“ტერმინი ‘სამოქალაქო საზოგადოება” უნდა გავმიჯნოთ იმისგან, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოების სახე. სამოქალაქო საზოგადოების სახე სულ სხვაა. ეს არის გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან და რომელთაც აქვთ დესტრუქციული მიზნები”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა.
„სწორედ ამიტომ არ მოეწონათ და არ მოსწონდათ „გამჭვირვალობის კანონი“, რომ ეს იქნებოდა გაცხადებული, თუ რა იყო ამ ყველაფრის უკან. მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით და ვხსნიდით, რომ ეს გარკვეული დაცვაც იქნება დონორისთვის, თქვენ თუ მეუბნებით, რომ კეთილი მიზნები გაქვთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, თქვენ თუ გსურთ ქართულ საზოგადოებას დაეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში, თუ სხვადასხვა მიმართულებით გაუწიოთ დახმარების ხელი, მაშინ რა არის ამაში დასამალი.
ალოგიკურია, როდესაც კარგ საქმეს აკეთებ, შენ გინდოდეს ამის დამალვა. გამჭვირვალობა უშლიდა ხელს ამ ფარულ გეგმებს, რომლებიც ამ ორგანიზაციების ხელით უნდა განხორციელებულიყო საქართველოში. რატომ სჭირდებათ ის, რატომ უნდა წავიდეს პროცესები არადემოკრატიული გზით, ოღონდ ეს ყველაფერი კეთდებოდეს დემოკრატიის სახელწოდების ქვეშ და დემოკრატიისთვის ვითომდა ბრძოლის სახელით?
სინამდვილეში ამას დემოკრატიასთან არაფერი საერთო აქვს. ეს არის დემოკრატიის და დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. არ შეიძლება, ერთმა და ორმა ორგანიზაციამ, რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას გამოუთხაროს საფუძველი. ჩვენ ამას ვერ და არ დავუშვებთ. უფრო მეტი ვართ ის ადამიანები ამ ქვეყანაში, ვისაც სურს ქვეყნის ნორმალური განვითარება და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.