მედვედევი: რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა დასავლური საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთად მუშაობენ
რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთად მუშაობენ კოლექტიური დასავლეთის საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჭეშმარიტად სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„დღეს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივმა ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ჩვენი ქვეყნები ერთად დგანან კოლექტიური დასავლეთის საფრთხეების წინააღმდეგ და იბრძვიან ჭეშმარიტად სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად“, – დაწერა მედვედევმა თავის Vkontakte-ს გვერდზე.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ღრმად მადლიერია კორეელი მეგობრების მიმართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„ჩვენმა ჯარისკაცებმა, მხარდამხარ, გაათავისუფლეს კურსკის ოლქი უკრაინელი ნაცისტებისა და უცხოელი დაქირავებული მეომრების ბანდებისგან. ეს გმირობა ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ისტორიის სასიცოცხლო ნაწილად იქცა და სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, – დასძინა მედვედევმა.