მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ისრაელის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ მაკა ბოჭორიშვილს გადასცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა.
„შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.
მინისტრი მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს რეგიონში მშვიდობის მიღწევაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების საკითხში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.