მისი მხატვრობით გალერეა „წითელ კვადრატში“ გამართული გამოფენის შემდეგ დავინტერესდი. „მე თუ ვინატრებდი“ – ასე ერქვა პერსონალურ გამოფენას, რომელმაც ახალგაზრდა ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება გადაგვიშალა, მუდმივი ძიებისა და ნიჭიერების კვალი რომ ატყვია.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი ფერწერის მიმართულებით დაასრულა. შემდეგ პოლონეთის შტეტინის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში სწავლობდა.
უმეტესად ავტოპორტრეტებზე მუშაობს, რომლებიც მხატვრის შინაგან სამყაროს წარმოაჩენს და გვამოგზაურებს მის არაჩვეულებრივ სამყაროში.
ამბობს, რომ შთაგონებას აძლევს ქართული კულტურა, რომელიც უნიკალურია და მდიდარია მითოლოგიით, ისტორიული ნარატივებითა და სიღრმისეული სულიერი გამოცდილებებით. – ნინო გოგოლიძის პერსონა.
– ბორჯომში დავიბადე და ბავშვობაც უმეტესად იქ გავატარე. საინტერესო ბევრი რამ იყო, თუმცა ჩემი პიროვნების ფორმირებაში განმსაზღვრელი როლი მშობლებმა შეასრულეს – მათმა უანგარო სიყვარულმა, მიმღებლობამ და უსაზღვრო რწმენამ ჩემდამი, მეც მომცა საშუალება, საკუთარი თავის მერწმუნა.
– პირველი ნახატები…
– ყველაზე ადრეული ნახატები, რომლებიც მახსოვს, მათემატიკის რვეულის ფურცლებზე შევასრულე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის, რომ მშობლები სერიოზულად აფასებდნენ ჩემს, ერთი შეხედვით უბრალო გატაცებას. ისინი დიდ დროს უთმობდნენ, მესაუბრებოდნენ ჩემს პატარა ნამუშევრებზე და მაძლევდნენ მხნეობას.
– თბილისის სახელმწიფო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი ფერწერის მიმართულებით დაასრულეთ. შემდეგ მაგისტრატურა – პოლონეთში. რატომ ფერწერა? დასამახსოვრებელი სტუდენტობიდან…
– ფერწერა ალბათ სახვითი ხელოვნების ყველაზე ფუნდამენტური მიმართულებაა და საკუთარი თავის გამოხატვაში ყველაზე მეტად მეხმარება.
სტუდენტობიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო იმ პედაგოგებთან ურთიერთობა, რომლებიც როგორც დამოუკიდებელი ხელოვანები, ძალიან საინტერესონი იყვნენ, და მათი გამოცდილების გაზიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. რაც შეეხება პოლონეთს – იქ უკვე არა როგორც სტუდენტს, არამედ როგორც კოლეგას ისე მიყურებდნენ, რამაც კიდევ უფრო უნიკალური გახადა მათთან მუშაობის გამოცდილება. ისინი ჩემს კორექტირებას კი არ ცდილობდნენ, არამედ ჩემში საუკეთესოს აღმოჩენას, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა ჩემი საზღვრები.
– გქონდათ პერსონალური გამოფენები. „წითელ კვადრატში“ მიმდინარეობს გამოფენა – „მე თუ ვინატრებდი“… გამოფენიდან გამოფენამდე როგორ იცვლება სათქმელი? რა იყო ახალი გზავნილი?
– ჩემი წინა პერსონალური გამოფენიდან ორი წელი გავიდა. რა თქმა უნდა, პერსონალური გამოფენა სრულიად დამოუკიდებელი, ძალიან სპეციფიკური გამოცდილება და დიდი პასუხისმგებლობაა. ამ გამოფენას შემაჯამებელი ხასიათი ჰქონდა და მაჩვენა ის განვითარების გზები, რაც ამ პერიოდში გავიარე -კონცეპტუალურად და ტექნიკურადაც. ბევრად უფრო გამოიკვეთა ჩემი სათქმელი და გამოხატვის ახალი ფორმები იპოვა.
ალბათ პირველი გამოფენა უფრო ძიების პროცესი იყო, ახლა კი შედეგი – რომელმაც რაღაც ახალ ეტაპს დაუდო სათავე.
– მუდმივად ეძიებთ და ექსპერიმენტებს მიმართავთ. თუ გამოიკვეთა კონკრეტული სტილი?
– ჩემი შემოქმედების ძირითადი ხაზი ბუნებრივად ვითარდება ავტოპორტრეტების სერიის გარშემო, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება. ჩემს ნამუშევრებში ასევე ჩანს ქართული კულტურის ძლიერი გავლენა.
– ნამუშევრები აბსტრაქტულია. სიურეალისტური ელფერით… რა გაძლევთ შთაგონებას?
– შთაგონებას მაძლევს ყველაფერი – ყოველდღიური ეპიზოდები და გამოცდილებები. თუნდაც იმ პერიოდში, როცა არ ვხატავ, გონებრივი შრომა და მომზადების პროცესი, სანამ უშუალოდ მასალასთან მიხვალ და მას მატერიალურ ფორმას მისცემ, შემოქმედებით ცხოვრებას ემსახურება – ფაქტობრივად მეც ამ პროცესში ვცხოვრობ.
– ერთი ნამუშევრის შექმნის საინტერესო ისტორია.
– ყველა ნამუშევარს თავისი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და ამავე დროს ურთიერთდაკავშირებული ისტორია აქვს.
– მონასტრამდე და მონასტერში ცხოვრების შემდეგ… როგორ აისახა ეს შემოქმედებაზე?
– მონასტრამდეც აქტიურად ვხატავდი, უშუალოდ იქ კი ბიზანტიურ ხატწერაში ვმუშაობდი. დაბრუნების შემდეგ ხატწერის მიმართულებით აღარ მიმუშავია – უფრო მეტი თავისუფლება მივეცი საკუთარ თავს. თუმცა იქაური ცხოვრების რიტმი, სიმბოლიკა და მნიშვნელობების სიღრმე ძალიან დიდი სტიმულატორი გახდა ჩემი შემოქმედების ფოლკლორულ და სიმბოლურ მრავალფეროვნებაში.
– ფერი თქვენთვის არის….
– ფერი ჩემთვის არის მთავარი მედიუმი, რომელშიც ორიენტაციას ვპოულობ. ნამუშევრებსაც ჯერ ფერად ვხედავ და შემდეგ ამომაქვს ფორმები. განსაკუთრებულ სიახლოვეს წითელ ფერთან ვგრძნობ.– ავტოპორტრეტები…
– ავტოპორტრეტები მეხმარება, რომ ეს ყველაფერი უფრო ავთენტური გახდეს – პირადი გამოცდილებების საფუძველზე ვისაუბრო ზოგად თემებზე, რომლებიც ყველასთვის საერთოა.
-.გარდა ფერწერისა მიმართავთ: კერამიკას, სკულპტურას, ნაქარგობასა და მოზაიკას... ანუ მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება. .. და მაინც, უპირატესობას რომელს მიანიჭებთ?
– ფერწერა თავისთავად ჩემი მთავარი მიმართულებაა, თუმცა მედიუმთა მრავალფეროვნებამ უფრო მეტად დამანახა ხელოვნების მასშტაბი და ის, რამდენი გზით შეიძლება, როგორც ხელოვანმა, ჩემი იდეები განვახორციელო. სრულიად ახალი შესაძლებლობები გამიხსნა.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს კულინარია და მოგზაურობა.
– რა პრობლემებს ხვდებით, როგორც ხელოვანი?
– ალბათ ისე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის – და განსაკუთრებით ხელოვანისთვის, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში – ყოველთვის გამოწვევად რჩება დამოუკიდებლობისა და ავთენტურობისთვის ბრძოლა, რადგანაც ყოველთვის არსებობს გავლენები და მცდელობა, რომ რომელიმე იდეოლოგიას ან მხარეს მიგაკუთვნონ.
– სამომავლო გეგმები…
– მინდა, ჩემი შემოქმედებითი ხაზი კიდევ უფრო გავაღრმავო – მეტი ვიძიო, ვიკვლიო, ვიკირკიტო, ასევე გავაფართოო საერთაშორისო კავშირები, პროექტებში ჩართულობა და აქტიურობა.
თამარ შაიშმელაშვილი