სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში დამტკიცდა 1200-ზე მეტი სესხი, ჯამური მოცულობით 60 მლნ ლარამდე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციით დამატებით 2,643 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ სეგმენტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს – ეს გამოიხატება მთელ რიგ სახელმწიფო პროგრამებში როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ტექნიკური დახმარების, ექსპორტის ხელშეწყობის და სხვა მიმართულებებით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ პოლიტიკის პოზიტიური შედეგები აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე. „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში OECD – ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ყველა პარამეტრის მიხედვით და არის სამაგალითო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები უყურებენ როგორც საუკეთესო გამოცდილებას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით,” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სააგენტომ ერთი წლის წინ აამოქმედა პროგრამა, რომელიც უშუალოდ მიკრომეწარმოების განვითარებას შეეხება. მისი შეფასებით, პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსით და დიზაინით – სესხის საპროცენტო განაკვეთები ფიქსირებულია ყველა პარტნიორ ბანკში და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ქალი მეწარმეები, მაღალმთიან რეგიონებში წარმოებული ბიზნესები და სხვ.
„ეკონომიკის სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ გამოვავლინოთ აღნიშნული სეგმენტის კონკრეტული საჭიროებები, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო მეტ წარმომადგენელს ჰქონდეს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა,” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.