„ვოუქიზმი“, რომელიც აშშ-ში დაიბადა, მოდიოდა დაახლოებით 100 წლის წინანდელი პროცესებიდან, როდესაც ის ანტირასისტული მოძრაობით ხასიათდებოდა, თუმცა, უახლოეს დეკადაში მან სრულებით შეიცვალა ფორმა და გახდა ძალიან აგრესიული” – წილოსანი
„ვოუქიზმი“, რომელიც აშშ-ში დაიბადა, მოდიოდა დაახლოებით 100 წლის წინანდელი პროცესებიდან, როდესაც ის ანტირასისტული მოძრაობით ხასიათდებოდა, თუმცა, უახლოეს დეკადაში მან სრულებით შეიცვალა ფორმა და ის გახდა ძალიან აგრესიული”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
„გამოხატვის ფორმები, ეს არის საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე ადამიანების ჩაქოლვა, ბულინგი, იმგვარი პროტესტი, რომ ამ ადამიანებს არ შეეძლოთ თავისი მოსაზრების გამოხატვა, სხვადასხვა კამპანიური ხასიათის თავდასხმები და შესაძლოა უკვე ფიზიკური თავდასხმებიც, რომელიც მაგალითად გამოიხატა მოძრაობა „ანტიფას“ სახით.
ეს არის მოძრაობა, რომელსაც არ ჰყავს ლიდერი და თუ დააკვირდებით ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. თითქოს ლიდერების გარეშე, გულანთებული ადამიანების ერთობაა, თუმცა თითოეულ ამ ადამიანს აქვს თავისი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური წარმომავლობა, მათ შორის წარმომავლობა დაფინანსების კუთხითაც. ვიცით, რომ ძალიან კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული, კარგად დატრენინგებული ჯგუფია. ჩვენ ვხედავდით, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ეს ორგანიზაცია აქტიურად გადადის პოლიციასთან დაპირისპირებაში, ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, რომ ანარქისტულ სახეს ატარებენ.
ჩვენ ახლა ძალიან გვეხმარება დონალდ ტრამპის პოლიტიკა და ამერიკის ზოგადი პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ებრძოლონ იმ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს, რომელსაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებია ახორციელებენ და ალბათ ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ ჩვენი კანონმდებლობა, პოლიტიკის აღსრულება, პრემიერ-მინისტრის განცხადებები და დამოკიდებულება სრულად ასახავს იმ თანამედროვე მიმართულებას, რომ არავითარ შემთხვევაში, არავის არ უნდა მიეცეს, ვითომ კეთილშობილური იდეის საფარქვეშ გაიბრძოლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.