საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე შვიდ პირს, რომელთა შორის ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია, ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
ჯგუფის წევრების განზრახვა მოიცავდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების ალკოჰოლური სასმელების დამზადება-შენახვასა და მისი შემდგომი რეალიზაციით მატერიალური სარგებლის მიღებას.
ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს.
2025 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე, აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 75 000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.