გიორგი კახიანი: ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების

“ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მორიგი უსუსური მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების. უნდათ, რომ ასეთი შედეგი მიიღონ, მაგრამ ბუნებრივია ეს უსუსური მცდელობა იქნება, ისევე, როგორც წინა მცდელობები. ასეთი არაერთი ყოფილა,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების არის არჩევნები.

„ალბათ თვითონაც ხვდებიან, რომ ამის არც რაიმე რესურსი გააჩნიათ მათ და არც რაიმე სერიოზული მოლოდინი არსებობდეს, რომ შეიძლება ე.წ. „მშვიდობიანი დამხობა“ მოხდეს 4 რიცხვში და 5 რიცხვში თურმე აღმოჩნდეს, რომ ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი არის ხელისუფლებაში. ამას სერიოზულად არავინ უყურებს. თავისთავად ეს ფაქტი, რომ ასეთი რადიკალური ჯგუფები არსებობენ ქვეყანაში, რომ ვერ ხედავენ არჩევნების არსს, რისთვისაც არჩევნები არსებობს, ერთადერთი კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების არის არჩევნები. არჩევნები კარს არის მომდგარი და არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რა შეფასება შეიძლება ამაზე გაკეთდეს?! ეს არის რადიკალური ძალა, რომელიც თავისას ვერ მოიშლის ვერასდროს.

სამწუხარო არის ის, რომ ასეთი შემთხვევები როდესაც ხდება, მერე აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსები ძალიან სუფთად გამოვლენ ხოლმე ამ მდგომარეობიდან და პასუხისგებაში მიეცემიან ახალგაზრდები, რომლებიც ან მოტყუებულები არიან ან არ ვიცი, რატომ მოქმედებენ ასე. იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება ამჯერად, მაგრამ თუ კანონდარღვევები იქნება და ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ მცდელობები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ადეკვატურად და პროპორციულად იმოქმედებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები